ვახტანგ ჭანტურიშვილმა „იაბლონეცის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩეხეთის უმაღლეს დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა. მე-13 ტურში „იაბლონეცი“ სტუმრად „ლიბერეცს“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ანგარიში 65-ე წუთზე გახსნა, როდესაც თანაგუნდელის პასის მერე, მეტოქის საჯარიმოში მარცხენიდან შეჭრილმა ზუსტად დაარტყა. მან ამ სეზონში 13 თამაში ჩაატარა. „იაბლონეცი“ 28 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ანდრო გიორგაძემ „კოკანდის“ მაისურით ამ სეზონში უზბეკეთის სუპერლიგაში თავისი მეორე გოლი გაიტანა. 26-ე ტურში „კოკანდმა“ შინ „ნოვბახორი“ 2:0 დაამარცხა. ქართველმა მცველმა ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გაიტანა, როდესაც შეტევაში ჩართულს საჯარიმოში მეტოქის მცველის ფეხიდან მიუვიდა ბურთი და კარში გადაგზავნა. „კოკანდი“ 29 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





