მიმდინარე სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ მადრიდის „რეალმა“ მოიგო. ჩაბი ალონსოს გაწვრთნილმა „სამეფო კლუბმა“ ესპანეთის ლა ლიგის მე-10 ტურში „ბარსელონა“ მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა. თუმცა, ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში მოედანზე განვითარებულ მოვლენებს სრულად არ ასახავს, რადგან მასპინძლებს უპირობო უპირატეოსბა ჰქონდათ და გაცილებით დიდი ანგარიშით უნდა მოეგოთ.
მატჩის მესამე წუთზე მთავარმა მსაჯმა სოტო გრადომ დააფიქხირა, რომ ლამინ იამალმა თავის საჯარიმოში ვინისიუს ჟუნიორი წააქცია და პენალტი დანიშნა. თუმცა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ თავისი გადაწყვეტილება გააუქმა. მე-12 წუთზე კილიან მბაპემ დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერი დარტყმა ბურთი კარის ბადეში გაახვია, მაგრამ მსაჯმა საფრანგეთის ნაკრების კაპიტანზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
ამის შემდეგ, სახიფათო მომენტი „ბარსელონა“ შექმნა და ფერან ტორესის დარტყმული ტიბო კურტუამ გაანეიტრალა. 22-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა საუცხოო პასი მისცა მბაპეს, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ანგარიში გახსნა – 1:0. „რეალმა“ მეტოქეზე ზეწოლა განაგრძო და შჩესნიმ, რომელიც თავის გუნდში საუკეთესო იყო, ჯერ ჰაუსენს, ხოლო შემდეგ ბელინგემს არ გაატანინა.
38-ე წუთზე არდა გიულერმა ბურთი თავის საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა და რაშფორდის პასის შემდეგ, ფერმინ ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა. 43-ე წუთზე ვინისიუსი შეტევის მარცხენა ფლანგზე ბალდეს გაექცა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც თავით მილიტაომ ითამაშა, ხოლო კარის წინ მდგომმა ბელინგემმა „რეალი“ დააწინაურა – 2:1.
52-ე წუთზე ბალდემ თავის საჯარიმოში ბურთს ხელი შეახო და არბიტრმა ეპიზოდის VAR-ზე შემოწმების მერე პენალტი დადო. მბაპეს შესრულებული თერთმეტმეტრიანი შჩესნიმ მოიგერია. 69-ე წუთზე „რეალის“ საუცხოო კომბინაციის შემდეგ, ბელინგემმა „ბარსელონას“ კარი აიღო, მაგრამ მსაჯმა ინგლისელ ფეხბურთელზე თამაშგარე დააფიქსირა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და „რეალმა“ ზედიზედ ოთხი „ელ კლასიკოს“ წაგების შემდეგ გაიმარჯვა. თამაშის მიწურულს ფეხბურთელებს შორის ვითარება დაიძაბა, მაგრამ მხარეები მალე დამშვიდნენ.
ხაბი ალონსომ, რომელიც მადრიდელებში სადებიუტო სეზონს ატარებს, მწვრთნელის რანგში პირველ „ელ კლასიკოში“ გაიმარჯვა. „რეალი“ 27 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია და მეორე ადგილზე მყოფ „ბარსელონას“ 5 ქულით ასწრებს.
ლაშა თაბაგარი





