მიქაუტაძის დიდი წვლილი ვალენსიურ დერბიში გამარჯვებაში

0
7

გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ შემადგენლობაში ესპანეთის ლა ლიგაში მაღალ დონეზე კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. მე-10 ტურში ვალენსიურ დერბიში „ვილიარეალი“ სტუმრად „ვალენსიას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს.
პირველი ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მიქაუტაძე მეტოქის ნახევარზე ერთ მცველს ფინტით გაცდა და სახიფათოდ ჩააწოდა საჯარიმოში, მაგრამ არცერთი თანაგუნდელი გამოეხმაურა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, მან ერთი მოძრაობით „ვალენსიას“ საჯარიმოში ბურთი ისე გაისწორა, რომ მცველი ჩამოცილა და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ აუღო.
45-ე წუთზე „ვილიარეალმა“ ანგარიში პენალტიდან გახსნა, რომელიც ხერარდ მორენომ ზუსტად შეასრულა. 57-ე წუთზე მიქაუტაძემ ფინტით საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა და „ცაციათი“ დაარტყა – მეკარის მოგერიებული ბურთი კომესანიას მიუვიდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობ გაზარდა.
მოგვიანებით, ქართველ ფეხებურთელს თავის გამოჩენის შანსი ისევ ჰქონდა, როდესაც მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და ერთ მეტოქეს გაექცა, რასაც დარტყმა მიაყოლა, თუმცა „ვალენსია“ გოლის გაშვებისგან კვლავ მეკარემ იხსნა. შეცვლამდე, მოწინააღდეგის კარის ახლო ძელთან გახსნილმა მიქაუტაძემ მარცხენა ფლანგიდან გაკეთებული გადაცემის დროს, ბურთს მიმართულება ქუსლით შეუცვალა და ამ შემთხვევაშიც მეკარემ საიმედოდ ითამაშა.
„ვილიარეალი“ 20 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი