„ლივერპული“ ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა – მამარდაშვილის კარგი თამაში

0
4

„ლივერპული“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში სტუმრად „ბრენტფორდს“ შეხვდა და 2:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ შეუცვლელად ითამაშა და რამდენიმე ეპიზოდში მოქმედი ჩემპიონი გოლის გაშვებას გადაარჩინა.
შეხვედრის მე-5 წუთზე „ბრენტფორდის“ ფეხბურთელმა ჯარიმის შესრულების დროს ბურთი საჯარიმო მოედანში ჩაჰკიდა, სადაც სტუმრების მცველების არადამაჯერებელი თამაშით უატარამ ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა. 39-ე წუთზე ტიაგომ დაახლოებით 22 მეტრიდან დაარტყა და მამარდაშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია. 45-ე წუთზე შადე ქართველ მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა და მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-5 წუთზე კერკეზმა ახლო მანძილიდან ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ათ წუთში ტიაგო მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მეკარემ აუღო. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში საჯარიმოს ხაზიდან დამსგაარდმა დაარტყა და ისევ მამარდაშვილმა ითამაშა საიმედოდ. მე-60 წუთზე ტიაგომ პენალტიდან დუბლი შეასრულა. 89-ე წუთზე სალაჰმა აიღო „ბრენტფორდის“ კარი და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
„ლივერპულმა“ პრემიერლიგაშ ზედიზედ ოთხი მატჩი წააგო, რაც 2021 წლის თებერვლიდან პირველად მოხდა. მიმდინარე სეზონში მერსისაიდელებმა ჩემპიონატში ჩატარებული 9 შეხვედრიდან ოთხი წააგეს, იმდენი რამდენიც მთელი გასული სეზონის მანძილზე. პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგაში გამართული ბოლო 6 თამაშიდან, „ლივერპულმა“ 5 წააგო.
ლაშა თაბაგარი