საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურში თბილისის „იბერიამ“ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი გორის „დილა“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიღო და მინიმალური სხვაობით აჯობა.
შეხვედრის მე-13 წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა – 1:0. მე-17 წუთზე გურამ გოშთელიანმა თავის ნახევარზე მალელ აბუბაქარ კონტეს ფეხი წვივში ჩაარტყა და არბიტრმა ალეკო აფციაურმა ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, მასპინძლების ფორვარდი გააძევა.
42-ე წუთზე ჯინჯოლოავამ კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა თორნიკე ახვლედიანმა მოიგო, ხოლო გიორგი ჯგერენაიას თავით დარტყმის შემდეგ ბურთი ზედა ძელს მოხვდა ამ ეპიზოდში ჯგერენაიას ბურკინა ფასოელი არუნა უატარა ეუხეშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ლუკა სილაგაძის შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, დავით კერესელიძიმ მარჯვენა კუთხეში წასული ბურთი მოიგერია. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-8 წუთზე ჯინჯოლავამ კიდევ ერთი კუთხური ჩააწოდა და კონგოელმა დეო ბასინგამ თავით ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 2:0. 90-ე წუთზე ოთარ ფარულავამ დაახლოებით 22 მეტრიდან დაარტყა და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გუგა ნერგაძის გაწვრთნილი „იბერია“ 62 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ისევ გალიდერდა. ამდენივე ქულა აქვს „დილას“, რომელსაც იტალიელი დიეგო ლონგო ავარჯიშებს, მაგრამ მეტოქეს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები უარესი შედეგით ჩამორჩება.
იბერია 1999 2:1 დილა
ლაშა თაბაგარი





