საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის პირველი სათამაშო დღის მეორე შეხვედრა დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე გაიმართა, სადაც „გაგრამ“ ძალიან ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი ბათუმის „დინამო“ მიიღო და 4:1 დაამარცხა.
მატჩის პირველ წუთზე ბრაზილიელმა აუგუსტო პორფირიომ პასი გიორგი ხარებაშვილს გაუკეთა, რომელმაც საჯარიმოს გარეთ შორს გამოსული საბა ისმაილოვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა – 1:0. 50-ე წუთზე უკრაინელი ილია სკრიპნიკის პასის მერე, მეკარესთან პირისპირ გასულმა ხარებაშვილმა დუბლი შეასრულა – 2:0. მე-60 წუთზე ბათუმელმა ლუკა წულუკიძემ პენალტი ვერ გამოიყენა – ბურთი რუსმა მეკარე არსენ სიუკაევმა მოიგერია.
69-ე წუთზე რატი არდაზიშვილი სტუმართა ნახევარზე ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში შესულმა ისმაილოვს შორეულ კუთხეში გაუტანა – 3:0. 77-ე წუთზე „გაგრას“ კარში მეორე პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუკა წულუკიძემ გამოიყენა – 3:1. 87-ე წუთზე საბა ზოიძის პასის მერე, მეკარესთან ერთი ერთზე გასულმა გიორგი პაპუაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1.
სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის ხელმძღვანელობით „გაგრამ“ პირველი თამაში მოიგო და 36 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეექვსეა, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი ბათუმელები 37 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან.
გაგრა 4:1 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი





