გიორგი გაგუამ „დუნაისკა სტრედას“ შემადგენლობაში სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში საგოლე პასი ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა. მე-12 ტურში „დუნაისკა სტრედამ“ სტუმრად „მიხალოვცე“ 4:2 დაამარცხა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ექსფორვარდი თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო და ოთხ წუთში გადაცემა რედზიჩს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 2:2. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ. „დუნაისკა სტრედა“ 22 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა.
„ჟილინამ“ „სკალიცა“ მიიღო და 3:2 სძლია. მასპინძლებში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ შეუცვლელად ითამაშა. „ჟილინა“ 25 ქულით ლიდერია.
იტალიის სერია B-ს მე-9 ტურში „ფროზინონე“ გასვლაზე „სამპდორიას“ დაუზავდა – 1:1. სტუმრებში საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბმა 88 წუთი ითამაშა.“ფროზინონე“ 15 ქულით 20 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი




