17-წლამდელების ძალიან ცუდი სტარტი ევროშესარჩევში

0
8

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებისთვის ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტარტი ძალიან ცუდი აღმოჩნდა. ალექსანდრე კობახიძის გაწვრთნილი გუნდი „მიხეილ მესხი 2“- ზე ისლანდიელ თანატოლებს დაუპირისპირდა და 1:5 წააგო.
დაფიქსირებული შედეგი მოედანზე განვითარებულ მოვლენებს კარგად ასახავს, რადგან ისლანდიელებმა გამართული ფეხბურთი აჩვენეს და მათი თითქმის ყველა შეტევა საქართველოს ნაკრებთან სახიფათო მომენტის შექმნით მთავრდებოდა. ამის საპირისპიროდ მასპინძლები უპირატესობის მოპოვებას ინდივიდუალური თამაშის ხარჯზე ცდილობდნენ, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებდნენ. ჩვენ გუნდში ყველაზე გამოსარჩევი ფიგურა ფოთის „კოლხეთის“ ნახევარმცველი ანდრია ბართიშვილი იყო.
შეხვედრის მე-4 წუთზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოში ბურთიანად შესულმა პალმასონმა პასი კართან ძალიან ახლოს მდგომ გუდიონსონს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1. 30-ე წუთზე ისლანდიელებმა კუთხური ჩააწოდეს და პალმასონმა თავით გაიტანა – 0:2. 38-ე წუთზე საბა ავდოევმა დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა და ბურთი ისლანდიელ ფეხბურთელს მოხვდა, რის შემდეგ, მიმართულება შეცვლილი კარში აღმოჩნდა – 1:2.
პირველი ტაიმის მიწურულს ისლანდიელთა კიდევ ერთი კარგი შეტევა გოლით დასრულდა – 1:3.
71-ე წუთზე ჩვენი გუნდის დაცვის მორიგი „ჩავარდნის“ შემდეგ, ინგოლფსონმა კარიდან წინ გამოსულ მათე ჭელიძეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 1:4.
79-ე წუთზე გუდიონსონმა დუბლი შეასრულა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
27 ოქტომბერს დავით პეტრიაშვუილის სახელობის სტადიონზე ისლანდიის ნაკრები საბერძნეთს შეხვდება. 30 ოქტომბერს ჩვენი 17-წლამდელები ბერძნებს „მიხეილ მესხი 2“-ზე დაუპირისპირდებიან.
ლაშა თაბაგარი