საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის მზადების ფარგლებში მეორე ვარჯიში ჩაატარა. 8 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა ესპანეთში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
ესპანეთში მიმდინარე შეკრება და მოახლოებული მატჩები ჩვენი გუნდის და გერმანიის ბუნდესლიგის „ჰაიდენჰაიმის“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეაფასა.
ბუდუ ზივზივაძე: „ორი რთული გასვლითი შეხვედრა გველის. სამწუხაროდ, წითელი ბარათის გამო ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა, თუმცა ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ. ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდები ვარჯიშებს, განსაკუთრებით, როდესაც ვიცი, რომ ახლო მომავალში სანაკრებო პაუზაა.
დიდი ხანია ასეთი ხანგრძლივი შეკრება არ გვქონია. რამდენიმე დღე გვაქვს პირველ შეხვედრამდე, რაც თამაშის დასაგეგმად გამოგვადგება. შეკრება ნაყოფიერად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ყველა ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რომ საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ”.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში ესპანეთი – საქართველოს მატჩი ქალაქ ელჩეში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო საქართველო 3 ქულით მეორე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
