სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ‘შავმა ლომმა’ „შევარდენის ბაზაზე“ ღია ვარჯიში გამართა. რიჩარდ ქოქრილის შეგირდები ბლუმფონტეინისკენ გეზს 13 ოქტომბერს აიღებენ და ადგილობრივ ფრენჩაიზს, ‘ტოიოტა ჩიტასს’ 17 ოქტომბერს ჩვენი დროით 20, ხოლო 26 ოქტომბერს 17 საათზე ერკინებიან.
‘შავი ლომისთვის’ ეს იქნება ბოლო მოსამზადებელი ეტაპი ჩელენჯ თასის მატჩებისთვის, რომელიც დეკემბერში დაიწყება, ხოლო ბორჯღალოსნებს აფრიკაში მიღებული პრაქტიკა ნოემბრის ტესტ-მატჩებშიც გამოადგებათ.
„ნოემბრის ტესტებისთვის ჩვენს მორაგბეებს საკმაოდ ხარისხიანი თამაშებით გამოვცდით. ორჯერ შევხვდებით ‘ჩიტასს’, რომელიც სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატ ქარი ქაფში საკმაოდ ძლიერი გუნდია. ახალი მოთამაშეები ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ შეიძენენ გამოცდილებას და განსხვავებულ გარემოში შეძლებენ თავის გამოცდას“ – აღნიშნა ‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა.
გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი იმედოვნებს, რომ ზაფხულში ნაკრების კვართით განცდილი მარცხისთვის (20:24) რევანშს ‘შავ ლომთან’ ერთად აიღებს:
„იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ მეოთხე კვირაა ინტენსიურად ვემზადებით. სამხრეთ აფრიკაში ორშაბათს მივდივართ, სადაც ორი თამაში გვექნება ‘ჩიტასთან’. ის საკმაოდ მაღალი დონის გუნდია და მათთან თამაშები ჩელენჯ თასისთვის უკეთ მომზადებაში დაგვეხმარება“.
„ზაფხულში ‘ჩიტასს’ საქართველოს ნაკრები შეცვლილი შემადგენლობით ეთამაშა. იყო გადაადგილებებიც და სამწუხაროდ შეხვედრა ჩვენი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. თამაში დავთმეთ, რადგან ‘ჩიტასი’ ძალიან ძლიერი აფრიკული გუნდია, რომელიც აქცენტს ფიზიკურობაზე აკეთებს. შესაბამისად, ეს კარგი გამოწვევა იქნება ‘შავი ლომისთვის’ და ვეცდებით რევანშის აღებას“.
‘შავი ლომის’ მგეზავი ლუკა ცირეკიძე მიიჩნევს, რომ სამხრეთ აფრიკულ ტურნეს გუნდი კარგად მომზადებული ხვდება:
„ვასრულებთ მზადების მეოთხე კვირას და ვფიქრობ ძალიან კარგ ფორმაში ვართ. ‘ჩიტასთან’ შეხვედრები ჩელენჯ თასზე კარგი შედეგების ჩვენებაში დაგვეხმარება. ჩვენი მიზანია, რომ ჩელენჯ თასზე შარშან ნაჩვენები შედეგი გავაუმჯობესოთ“.
შეგახსენებთ, ‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასზე ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ თითო-თითო გამარჯვება მოიპოვა.
rugby.ge
