ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის – ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერსათასო მატჩი აღნიშნული ტიტულის მოქმედ მფლობელ “ქუთაისი 2010”-ს მოუგო. გასული სეზონის ჩემპიონობა და თასიც ქუთაისელებმა მოიგეს, ამიტომაც მათ სუპერსათასო მატჩში მეტოქედ თსუ ჰყავდათ, რომელსაც აღნიშნული ტიტულები ფინალში მოუგეს.
ქუთაისელები ვერ შესწვდნენ დუდუ დადიანის თასს, რომელიც ამ დღეებში თბილისში გათამაშდა. ფინალური მატჩი იმერულმა კლუბმა ვსა-სთან ბოლო წამებზე წააგო. თუმცა ის ფინალი ახლოსაც ვერ მივა დღევანდელ მატჩთან, რომელიც ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი. 2025 წლის სუპერთასი არის პირველი ფინალური მატჩი ისტორიაში, რომელშიც 3 ოვერტაიმი გათამაშდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი, რაც საქართველოში ჩატარებულა. გამარჯვებული ძირითად 40 წუთში ვერ გამოვლინდა და შემდეგ კიდევ 3 ხუთწუთიანი დამატებითი პერიოდი დასჭირდა, რომ საბოლოო ანგარიში დაფიქსირებულიყო – 113:104 თსუ-ს სასარგებლოდ, რომელმაც აღნიშნული ტიტული ისტორიაში მესამედ (4 მცდელობიდან) მოიგო.
რთულია დეტალურად აღიწეროს ამ 55-წუთიანი მატჩის პერიპეტიები. შეხვედრას ძირითადად თსუ იგებდა. ქუთაისი კი მდევრის როლში იყო, რომელმაც მესამე პერიოდის ბოლოა მოახერხა გათანაბრება და წინაც გავიდა. სირენასთან ერთად ჩაგდებული ორქულიანით თსუ-მ ანგარიში გაათანაბრა და ბოლო პერიოდის წინ ყველაფერი თავიდან დაიწყო.
მიხეილ ბერიშვილის 3 სამქულიანით თსუ-მ მეტოქე კვლავ ჩამოიტოვა და როცა გიორგი ცინცაძემაც ჩააგდო შორი სროლა, მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე უნივერსიტეტელები 10 ქულით დაწინაურდნენ. ქუთაისელების პასუხი მყისიერი იყო, რამაც მათ თამაში შემოატრიალებინა. გიორგი სულაბერიძის სამქულაინით, ტაირი ბოიკინის ორიანითა და დეტრეკ ბრაუნინგის ქულებით ქუთაისმა ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა. აქედან დაიწყო დრამა: ქუთაისელებს მატჩის მოგება ძირითადშივე შეეძლოთ, როცა დასრულებამდე 1.5 წამით ადრე სულაბერიძე საჯარიმოს ხაზზე დადგა. “სულას” ორივე რომ ჩაეგდო, ქუთაისი დიდი ალბათობით მოიგებდა, თუმცა მისი მეორე სროლა მიზანს ასცდა და შეხვედრის ძირითადი დრო 82:82 დასრულდა.
პირველი ოვერტაიმის ბოლოსაც ქუთაისელები იყვნენ მოგებასთან ახლოს. ამჯერად საჯარიმოს ხაზზე ლუკა ალავიძე დადგა. დასრულებამდე 6 წამი რჩებოდა. ლუკამ პირველი ჩააგდო, ქუთაისი 2 ქულით დააწინაურა და მეორე აუცდა. თსუ-მ ბურთი მოხსნა და ალექსანდრე ფევაძე გახდა მატჩის გმირი, რომელმაც 6 წამში მოედნის გადასერვა, თსუს საჯარიმოში შესვლა და საშუალო მანძილიდან სროლა მოასწრო: ბურთი სირენის თანხლებით ჩავარდა და პირველი ოვერტაიმი ფრედ დასრულდა – 90:90.
მეორე ოვერტაიმი კი თსუ-ს უნდა მოეგო. ეს ფაქტობრივად გარდაუვალი ჩანდა, თუმცა… ახლა ქუთაისმა მოახერხა ბოლო წამზე გათანაბრება, თუმცა ჯავიონ ოგუნიემიმ, რომელიც ცენტრია და საფინალო სირენის თანხლებით სამქულიანი ჩააგდო. მას სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან დრო იწურებოდა და თსუ 3 ქულით ლიდერობდა. ფანტასტიკური ეპიზოდიც აქ გათამაშდა. მალკოლმ დრამრაითის 2 ზუსტი საჯარიმოს შემდეგ დარჩენილ 7 წამში ლუკა ალავიძემ ბურთი ელვასავით გადაიტანა თსუ-ს ნახევარზე და პერიმეტრზე მდგარ ცენტრს მიაწოდა. ოგუნიემიმ გამთანაბრებელი სამიანი ჩასვა და მეორე ოვერტაიმი 99:99 დასრულდა.
ბოლო, მესამე ოვერტაიმი ფორმალობა გამოდგა. ორივე გუნდიდან წამყვანი მოთამაშეების უმეტესობა პერსონალურების ლიმიტის გამო გავარდნილები იყვნენ. შეხვედრა პირადად მოიგო თსუ-ს ამერიკელმა ლეგიონერმა კურვოსიე მაკკოლიმ, რომელმაც ზედიზედ 8 ქულა (3 სამიანი და 2-იანი) ჩააგდო, თსუ 102:109 დააწინაურა და გამარჯვებულის ვინაობაც, როგორც იქნა, გაირკვა.
მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე, მატჩის MVP-ის ტიტულიც და თასიც ალექსანდრე ფევაძემ ჩაიბარა. ეროვნული ნაკრების წევრს საუკეთესო მოთამაშის პრიზი სუპერლიგის დირექტორმა, კოკა კობიაშვილმა გადასცა, ხოლო ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი თსუ-ს კაპიტანს ვეტერანმა კალათბურთელმა, ნოდარ ქორქიამ გადასცა.
