ესპანეთის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო თორნიკე შენგელიასა და ბექა ბურჯანაძის გუნდებმა. შენგელიას “ბარსელონა” პირველ ტურში სტუმრად შეხვდა “ვალენსიას” და 12 ქულით დამარცხდა. ვალენსიელებმა პირველი პერიოდი 24:15 მოიგეს, მეორეში ლიდერობა 13 ქულამდე გაზარდეს, საბოლოოდ კი 93:81 იმარჯვეს.
შენგელია, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 21 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. 10 ქულასთან ერთად შენგელიამ 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. კატალონიელთაგან საუკეთესო შედეგი ვილ კლაიბერნს ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი მოგროვა. მეორე ტურში, 12 ოქტომბერს ბარსელონა “ლეიდას” უმასპინძლებს.
პირველ ტურში საშინაო მარცხი განიცადა ბექა ბურჯანაძის “გრანადამ”, რომელმაც “ხუვენტუდს” უმასპინძლა და 75:87 წააგო. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე 9:30 წუთით გამოჩნდა. ბურჯანაძემ 2 საჯარიმო, 1 სამქულიანი და 1-იც ორიანი ააცილა. მან შეხვედრა უქულოდ, 3 მოხსნითა და 1 ჩაჭრით დაასრულა.
წააგო ბასკონიამაც, რომლის განაცხადშიც 17 წლის მათე ხატიაშვილია, თუმცა სარაგოსასთან მატჩში მათე 12 კაცში ვერ მოხვდა.
