გიორგი მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ შემადგენლობაში მაღალ დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. მე-8 ტურში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. 47-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ვინისიუს ჟუნიორი ერთ მოწინააღმდეგეს გაცდა და კარში დაარტყა – ბურთი მცველის ფეხს შეეხო, რის შემდეგ მიმართულება შეცვლილი ბადეში აღმოჩნდა.
69-ე წუთზე „ვილიარეალის“ მცველმა თავის საჯარიმოში ვინისიუსი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა.
73-ე წუთზე მიქაუტაძემ მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ბურთი ერთი შეხებით დაამუშავა და ძლიერი დარტყმით ტიბო კურტუას მარჯვენა დაბალ კუთხეში გაუტანა – 2:1. მან ესპანურ კლუბში ზაფხულში გადასვლის შემდეგ, ლა ლიგაში ორი გოლი შეაგდო და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში „იუვენტუსის“ კარი აიღო.
77-ე წუთზე სტუმართა მცველმა მოურინიომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. 81-ე წუთზე „ვილიარეალის“ საჯარიმოში კარგი კომბინაცია გაითამაშეს ბრაჰიმ დიასმა და კილიან მბაპემ, ამ უკანასკნელმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ვილიარეალი“ 16 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
