ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს საფრანგეთის ლიგა 1-ში სტუმრად „ლილთან“ მატჩში ვერ დაეხმარება. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბს ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა აწუხებს და ამის გამო, ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში სტუმრად „ბარსელონასთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაშიც ვერ ითამაშა. პსჟ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ის მე-7 ტურში გუნდის განაცხადში შეყვანილი არაა.
ამის მიუხედავად, კვარაცხელია ეროვნული გუნდის საწვრთნელ ბანაკში ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მაინც გამოცხადდება და ამის შემდეგ გადაწყდება ოქტომბერში მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებში ითამაშებს თუ არა.
ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს ქალაქ ელჩეში ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს სტუმრად თურქეთს დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი
