2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერანი ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს ჩაიბარებს.
მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ის ლადო კილასონიას ჩაანაცვლებს, რომლის ხელმძღვანელობითაც 2023 წელს გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა, შარშან და შარშანწინ კი მე-9 პოზიციას დასჯერდა.
ქართული რაგბის ქომაგისთვის ვიტო კოლელიშვილი კარგადაა ცნობილი. გამორჩეული აღნაგობისა და მონაცემების მქონე სპორტსმენი რაგბს თბილისის ‘ლელოში’ ეზიარა, გახდა საქართველოს ჩემპიონი და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. მან კარიერა ტოპ 14-ის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ ‘კლერმონში’ გააგრძელა და ორჯერ გახდა საფრანგეთის ესპუართა (დუბლ-შემადგენლობა) ჩემპიონი, თითო-თითოჯერ კი ტოპ 14 და ჩელენჯ თასი მოიგო. ვიტომ განათხოვრების წესით ერთი წელი იმხანად პრო დე 2-ში მოთამაშე ‘ლიონში’ გაატარა და გუნდს დივიზიონის მოგებით უძლიერესთა შორის აღზევებაში დაეხმარა.
კოლელიშვილმა ითამაშა საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში, 2008 წელს კი ბორჯღალოსნების კვართით პირველი შეხვედრა ჩაატარა. ჯამში მის ანგარიშზე 50 კეპი და 5 ლელოა. ის ორი მსოფლიო თასის მონაწილეა (2011 და 2015 წლები).
გახშირებული თავის ტრავმების ფონზე, კოლელიშვილს ნაადრევად მოუწია მოთამაშის კარიერის დასრულება, თუმცა რაგბში დარჩა, საფრანგეთში გაიარა სამწვრთნელო კურსები და ‘კლერმონში’ ჯერ მწვრთნელის ასისტენტად (ესპუარები), მერე კი „კრაბოსების“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. 2026 წლის 1 იანვრიდან ის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდება.
