საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბერს დაიწყებს. 11 ოქტომბერს ჩვენი გუნდი ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს. |
3 ოქტომბერს, შეკრების დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.
ვილი სანიოლი: “ძალიან რთული თამაში გველის. განსაკუთრებით ესპანეთის წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. პირველი მატჩის შემდეგ, უფრო მეტის თქმა შეგვეძლება თურქეთთან თამაშზე. თუმცა, ჩვენთვის არაფერი იცვლება. მთავარი მიზანია გავხდეთ უფრო უკეთესები, უფრო ძლიერები და გავაგრძელოთ განვითარება. ამავდროულად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და შედეგები მნიშვნელოვანია. ასე რომ, მოახლოებულ მატჩებში შევეცდებით ქულების აღებას და ჩვენი შანსების მაქსიმალურად გამოყენებას. ასეთი დონის მატჩები კარგი საზომია, რომ გავიგოთ რა დონეზე ვართ ასეთ ძლიერ გუნდებთან შედარებით და სად არის ამჟამად საქართველოს ადგილი ევროპულ ფეხბურთში.
გიორგი მიქაუტაძისთვის და ნებისმიერი შემტევისთვის მნიშვნელოვანია გოლების გატანა, რადგან ეს მეტ თავდაჯერებას სძენს მათ. თუმცა, ფეხბურთი მხოლოდ შეტევა არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია დაცვა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, დაცვაში გარკვეული ხარვეზები გვაქვს, მიმდინარეობს თაობათა ცვლა და ჩემი მიზანი კარგი ბალანსის პოვნაა. თუმცა, საქმე გვიადვილდება, როდესაც გუნდში ბევრი თავდაჯერებული ფეხბურთელი გვყავს.
ოთარ კიტეიშვილი განსაკუთრებული მოთამაშეა. მას ბევრ პოზიციაზე შეუძლია თანაბრად მაღალ დონეზე თამაში. შესანიშნავი გავლენა აქვს სხვა მოთამაშეებზე. ბედნიერი ვარ მისი დაბრუნებით. ტრავმა აღარ აწუხებს, ხოლო ევროპა ლიგაზე გატანილი გოლი მეტ თავდაჯერებას და პოზიტიურ ემოციებს მისცემს მძიმე დღეების შემდეგ. ბედნიერი ვარ, რომ გუნდთან ერთად იქნება, რადგან გაცილებით მშვიდად მძინავს, როდესაც ის აქ არის.
გიორგი ჩაკვეტაძეს რთული პერიოდი აქვს. ვუსურვებ, რომ მალე დაუბრუნდეს მოედანს. ის გვაკლია, რადგან მნიშვენლოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. სამწუხაროდ, ხანგრძლივი ტრავმები ფეხბურთის ნაწილია და დასაბრუნებლად ბევრი უნდა იშრომო. დარწმუნებული ვარ, მისი მენტალური მდგომარეობა პოზიტიურია და ყველაფერს აკეთებს მოედანზე დასაბრუნებლად”. ალექსანდრე იაშვილი : “დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ზუსტად 10 წლის წინ, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით მოვიდა ჩვენი გუნდი ფეხბურთის ფედერაციაში. ძალიან წარმატებული პერიოდი გვქონდა და ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. ეროვნული ნაკრების ისტორიული გასვლა ევროპის ჩემპიონატზე, ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებები, ფუტსალის ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი, ქალთა ფეხბურთის მნიშვნელოვანი პროგრესი და ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი. თუმცა, ჩვენი მიზანი ყოველთვის განვითარება და წინსვლაა. არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ მომავალში.
ძალიან გვიხარია და ვამაყობთ, რომ გასვლით თამაშებზე გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის. ეს დიდი მოტივაციაა და მადლიერები ვართ მხარდაჭერისთვის. ესპანეთშიც და თურქეთშიც ბევრ ქართველი გულშემატკივარი დაგვიჭერს მხარს და ამას ვაფასებთ.
გიორგი ჩაკვეტაძესთან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის. რთული პერიოდი აქვს, თუმცა ვიცი მისი პროფესიონალიზმი და დამოკიდებულია საქმის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება. მან იცის, რომ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელები ძლიერი ჩემპიონატებში თამაშობენ. ვილისთან ერთად ვიყავით ბუდუ ზივზივაძესთან და ლუკა ლოჩოშვილთან. ჩვენი მიზანია თითოეულ ფეხბურთელთან რაც შეიძლება ხშირი კომუნიკაცია გვქონდეს. ასევე, ყველას გვაქვს სურვილი, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყოს წარმატებული და გააძლიეროს ჩვენი ნაკრები. მთავარი მწვრთნელი დაესწრო 17 წლამდე ნაკრების თამაშს და თითოეულ ფეხბურთელს აკვირდება, ვინც წარმატებულად და მაღალ დონეზე თამაშობს”.
მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული. ყვითელი ბარათების გამო ესპანეთთან შეხვედრას ლუკა ლოჩოშვილი გამოტოვებს. შეკრება 6 ოქტომბერს, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (ცსკა 1948 სოფია, ბულგარეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა) ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი)
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
11 ოქტომბერი, ელჩე | ესპანეთი – საქართველო | 22:45
14 ოქტომბერი, იზმითი | თურქეთი – საქართველო | 22:45
