კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა

0
3

ოთარ კიტეიშვილი ტრავმის მორჩენის შემდეგ, გრაცის „შტურმს“ გოლით დაუბრუნდა. ევროპა ლიგის ფაზის მეორე ტურში ავსტრიის მოქმედმა ჩემპიონმა „გლაზგო რეინჯერსი“ მიიღო და 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის მე-7 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი მელოუნის გადაცემის შემდეგ, ჰორვატმა ბურთი დაამუშავა და გაიტანა – 1:0.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მე-13 წუთზე მეკარესთან პირისპირ ბეგანოვიჩი გაიყვანა, რომელმაც ბატლენდს ვერ აჯობა.
მე-15 წუთზე ჩერმიტის თავურის შემდეგ, ბურთი გრაცელთა კარის ზედა ძელს მოხვდა. 35-ე წუთზე „შტურმმა“ ჯარიმა ორიგინალურად გაითამაშა და ჰორვატის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა კიტეიშვილმა ანგარიშში სხვაიბ კიდევ უფრო გაზარდა – 2:0. მან ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გოლი გაიტანა, ხოლო ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო.
მეორე ტაიმის დასაწყისშში შოტლანდიელთა ფორვარდმა გასამამ ბურთი მასპინძლების ნახევარზე მიიღო და საჯარიმოში შესული ერთ მეტოქეს გაცდა, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 2:1. კიტეიშვილი 73-ე წუთზე შეცვალეს.
„შტურმი“ 3 ქულით ევროპა ლიგის ფაზის 36-გუნდიან სატურნირო ცხრილში 22-ე ადგილზეა. გრაცელები ამ ტურნირში მომდევნო შეხვედრას 23 ოქტომბერს სტუმრად გლაზგოს „სელტიკთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი