ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ცნობისთვის, საფრანგეთის ჩემპიონს ტრავმების გამო სამი ლიდერი აკლდა – ხვიჩა კვარაცხელია, „ოქროს ბურთის“ წლევანდელი გამარჯვებული უსმან დემბელე და დეზირე დუე.
მატჩის დაწყებიდან 15 წუთში ანგარიშის გახსნა ფერან ტორესს შეეძლო, რომლის დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ზაბარნიმ გამოიტანა. მე-19 წუთზე ესპანელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს და მარცხენა ფლანგიდან მარკუს რაშფორდმა ზუსტი პასი ფერან ტორესს მისცა, რომელმაც გაიტანა – 1:0.
38-ე წუთზე ნუნუ მენდეშმა თავისი საფირმო რეიდი განახორციელა და გადაცემა მაიულუს გაუკეთა – კუბარსი ბურთის ჩაჭრას ვარდნაში შეეცადა, რაც ვერ მოახერხა, ხოლო ახალგაზრდა ფრანგმა ანგარიში გაათანაბრა.
პირველი ტაიმის მიწურულს ბარკოლა „ბარსელონას“ საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს გადააცილა.
მეორე ტაიმის განახლებიდან 10 წუთში „ბარსელონას“ დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ამჯერად მეტოქე ფეხბურთელის დარტყმულ ბურთს კარის ხაზი ჰაკიმიმ არ გადააკვეთინა.
90-ე წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ჰაკიმიმ ბურთი გონსალუ რამუშს გადააწოდა, რომელმაც ერთი შეხებით მატჩში წერტილი დასვა – 1:2. პსჟ 6 ქულით 36-გუნდიან ცხრილში მე-3 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს გასვლაზე ლევერკუზენის „ბაიერთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
