დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ვიქტორ სანიკიძის საკალათბურთო აკადემიის გუნდი “VSA-Basketball” და “ქუთაისი 2010” შეხვდებიან. ვსა დუდუს თასის მოქმედი მფლობელია და ტიტულს სუპერლიგის მოქმედ ჩემპიონ ქუთაისელებთან დაიცავს. ვსა-მ შარშანდელ ფინალში აწ უკვე “ა” ლიგაში დაქვეითებული “ამრა” დაამარცხა, ხოლო “ქუთაისი” ჯგუფში ჰყავდა და დაძაბულ ბრძოლაში 89:84 მოუგო.
ვსა-მ ნახევარფინალში საკმაოდ დიდი ბრძოლა გადაიტანა “ბათუმთან”, რომელსაც ბოლო წუთებზე – 79:76 სძლია. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა პირველი პერიოდი 25:15 კი მოიგეს, მაგრამ შემდეგ ზღვისპირელთა დომინაცია დამყარდა და მეორე ათწუთეულის 14:5 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე ანგარიშში სხვაობა მხლოდ 1 ქულა იყო.
ბათუმელები მესამე პერიოდში დაწინაურდნენ და იგებდნენ ბოლო პერიოდამდე, სადაც ლუკა ლიკლიკაძის შედეგიანი დაცვისა და ლეგიონერების – დემარი კინგისა და ტერენს ჰარქამის შედეგიანობით გამარჯვებამდე მივიდნენ. ბათუმელებს ბოლო წამზე გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა აკაკი დვალიშვილის სამქულიანი მიზანს ასცდა.
