ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდა. ევრო 2026-ზე მოსახვედრი პლეი-ოფის პირველი მატჩი ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილებმა თბილისში სლოვაკეთი 4:1 დაამარცხეს. ბრატისლავაში ჩატარებული შეხვედრა სლოვაკებმა 5:3 მოიგეს, თუმცა გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით, ევროპის პირველობის საგზური ქართველებმა ჩვენმა გუნდმა მოიპოვა.
მე-6 წუთზე სლოვაკებმა კუთხური ჩააწოდეს და სლოვაკების ლიდერმა დრახოვსკიმ, რომელსაც თბილისში არ უთამაშია, ბურთი მიწაზე დაუშვებლად ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-16 წუთზე გიორგი ღავთაძის დაწყებული კომბინაცია კარგი პასით ვახტანგ კეკელიამ გააგრძელა და გიორგი ჩიმაკაძემ ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მე-17 წუთზე სლოვაკების მეკარემ ხელით გადაცემა დრახოვსკის გაუკეთა, რომელიც ჩვენი გუნდის კაპიტან ირაკლი თოდუას გაცდა და თორნიკე ბუკიას კარი აიღო – 2:1.
25-ე წუთზე ჩინაკაძის დარტყმის შემდეგ, პარკეტზე დაცემულ სლოვაკ ფეხბურთელს ბურთი ხელში მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ბურთთან ღავთაძე მივიდა, რომლის დარტყმული მეკარემ მოიგერია.
26-ე წუთზე ბელანიკმა თითქმის კუთხურის ხაზიდან ჩააწოდა და ბუკიამ თავისი ხელით ბურთი კარში გაიტანა – 3:1. 31-ე წუთზე არჩილ სებისკვერაძემ ახლო მანძილიდან ვარდნაში შეაგდო – 3:2. 32-ე წუთზე აუტიდან ბურთის თამაშში შეყვანის დროს ღავთაძემ საუცხოო პასი მისცა კართან ახლო მდგომა თოდუას, რომელმაც ეროვნულ გუნდში მე-100 შეხვედრა გოლით აღნიშნა – 3:3.
33-ე წუთზე ზატოვიჩმა სლოვაკები დააწინაურა, ხოლო 37-ე წუთზე ბაჩოს დარტყმის შემდეგ, ანგარიში 5:3 გახდა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და ორი მატჩის ჯამში საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა. ცნობისთვის თუ 4 წლის წინ ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დიდი წვლილი ნატურალიზებულმა ბრაზილიელებმა შეიტანეს, ამჯერად, ჩვენს გუნდში მხოლოდ ქართველი მოთამაშეები არიან. აქვე გეტყვით, რომ ასათიანის გუნდი წინა ევროპირველობაზე ჯგუფიდან 1/4-ფინალში გავიდა.
ევრო 2026 მომავალი წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით რიგაში (ლატვია), კაუნასში (ლიეტუვა) და ლუბლიანაში (სლოვენია) ჩატარდება. ფინალური ეტაპის კენჭისყრა 24 ოქტომბერს გაიმართება.
ლაშა თაბაგარი
