„ოქროს ბურთი“ უსმან დემბელემ მოიგო, კვარაცხელია მეთორმეტეა

0
6

2024-2025 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ მფლობელი საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს თავდამსხმელი უსმან დემბელე გახდა, 28 წლის ფეხბურთელმა კუთვნილი პრიზი პარიზის „შატლეს“ თეატრში ლეგენდარულ ბრაზილიელ რონალდინიოსგან მიიღო და ცრემლები ვერ შეიკავა. ფრანგული ჟურნალის “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში, რომელშიც მხოლოდ საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები მონაწილეობენ, მეორე ადგილზე ლამინ იამალი (“ბარსელონა”) გავიდა, ხოლო მესამეზე – ვიტინია (პსჟ(.
გასულ სეზონში, დემბელემ პსჟ-ს შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 53 მატჩში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე პასი გააკეთა. დემბელე მეექვსე ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მიიღო. მანამდე, ეს ჯილდო რაიმონ კოპას, მიშელ პლატინის (3), ჟან-პიერ პაპენს, ზინედინ ზიდანსა და ქარიმ ბენზემას გადასცეს. ფრანგები ამ მხრივ რეკორდსმენები არიან. ისინი „ოქროს ბურთის“ მოგებათა რაოდენობი, არგენტინელებს გაუტოლდნენ, რომელთა შორის რვავე ჯილდო მხოლოდ ლიონელ მესიმ დაისაკუთრა.
“ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელია მე-12 ადგილზე გავიდა. ის 2023 წელს მე-17 იყო. ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჯერჯერობით საუკეთესო შედეგი თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ექსფორვარდ აწ გარდაცვლილ რამაზ შენგელიას აქვს, რომელმაც 1981 წელს მე-7 ადგილი დაიკავა.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი „ბარსელონას“ ესპანელმა გარემარბმა ლამინ იამალმა მიიღო.
საუკეთესო მეკარისთის განკუთვნილი ლევ იაშინის სახელობის ჯილდო იტალიელი ჯან-ლუიჯი დონარუმას გადასცეს, რომელიც გასულ სეზონში პსჟ-ში თამაშობდა, ხოლო ამჯერად „მანჩესტერ სიტის“ კარს იცავს.
საუკეთესო მწვრთნელად პსჟ-ს ესპანელი თავკაცი ლუის ენრიკე დაასახელეს.
საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო, რომელიც გერდ მიულერის სახელს ატარებს შვედ ვიქტორ დიოკერეშს ერგო. მან გასულ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატში „სპორტინგის“ მაისურით 39 გოლი გაიტანა. ის ამჟამად ლონდონის „არსენალში“ თამაშობს.
საუკეთესო გუნდად პსჟ დაასახელეს, რომელმაც საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ლაშა თაბაგარი