ბაბუნაშვილი: “ამიტომ გვჭირდება გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი”

0
3

2025/26 წლების სეზონში ‘შავ ლომს’ მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი უკაპიტნებს. 29 წლის ბორჯღალოსანი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა.
ახალ ამპლუაში მისი დებიუტი იტალიურ ტურნეზე შედგა, რომლის ფარგლებში ‘შავი ლომი’ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის იტალიურ ფრენჩაიზებს – ‘ძებრესა’ (12:26) და ‘ბენეტონს’ (15:22) ეთამაშა.
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდის, ‘შავი ლომის’ კაპიტანი. ამ პასუხისმგებლობასთან ერთად პირველი თამაში ცოტა რთული იყო. მისაღები იყო გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეუძლია გუნდს დამატებითი მუხტი შესძინოს, ან პირიქით. ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი თანაგუნდელებისგან, რამაც საქმე გამიიოლა და კაპიტნობის კუთხით მეორე თამაშში ბევრი რამ გამოვასწორე“ – ამბობს მიხეილ ბაბუნაშვილი და იტალიური ტურნეს შესახებ გვიყვება:
„ახალი სეზონი ‘შავი ლომისთვის’ განსხვავებულად დაიწყო. რაგბი ევროპის სუპერ თასის ნაცვლად ვეთამაშეთ იტალიურ გუნდებს, რომლებიც წლებია გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში თამაშობენ. ეს იყო ბევრად უფრო ხარისხიანი და კონკურენტული ორი თამაში, ვიდრე გასულ წლებში სუპერ თასზე გვქონდა, რაც გუნდის განვითარებისა და შეთამაშებისთვის უკეთესია და ვიმედოვნებ, ეს გამოცდილება ჩელენჯ თასის მომავალ გათამაშებაზეც აისახება. სუპერ თასზე ისეთ გუნდებთან გვიწევდა თამაში, რომ მერე ძალიან ჭირდა ჩელენჯ თასზე გადართვა. მხოლოდ მოედანზე ვხვდებოდით რამხელა განსხვავება იყო ტემპსა და ინტენსივობას შორის, ახლა კი სწორედ იმ დონის გუნდების წინააღმდეგ ვითამაშეთ, როგორებთანაც შეხვედრა დეკემბერსა და იანვარში მოგვიწევს.
ზაფხულის პერიოდში გუნდი ძალიან ბევრმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა. მათ ნაცვლად საფრანგეთიდან და დიდი 10-იდან ახალგაზრდა მორაგბეები შემოგვიერთდნენ, რომლებიც კარგად ჩაერთვნენ სავარჯიშო პროცესში. ისინი ფიზიკურად კარგ ფორმაში არიან და არც სისტემასთან მორგების კუთხით ქონიათ პრობლემები. ყველა მათგანს ეტყობოდა მონდომება და მაქსიმალურად იხარჯებოდნენ, რათა საუკეთესოდ წარმოეჩინათ საკუთარი შესაძლებლობები.მიუხედავად ამისა პირველ თამაშში (ძებრესთან) გვქონდა შეცდომები, რაც შეუთამაშებლობით იყო გამოწვეული. მეორე თამაშამდე ამ შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშავეთ და მცირე დროის მიუხედავად ბევრი კომპონენტი გავაუმჯობესეთ: დაბალანსენული იყო ფეხით თამაში, დარტყმა-ახურვა, უკეთ გავისარჯეთ რაქში, კიდევ უფრო დაიხვეწა მოლში თამაში.
მაღალ დონეზე იყო დაცვის თამაში. მე პირადად არასდროს მქონია ამხანაგური შეხვედრა, რომლის დროსაც ჯარიმა კარში დაგვირტყამს, იტალიელთა კაპიტანმა კი მეორე ტაიმის დასაწყისში ორჯერ მიუთითა კარისკენ. თუმცა სულ დაცვაში თამაში შეუძლებელია და ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა ისაა, რომ მეტად ვაკონტროლოთ ბურთი და წნეხი მეტოქეზე გადავიტანოთ“.
ბაბუნაშვილი დარწმუნებულია, რომ ‘შავი ლომის’ გაერთიანებულ რაგბის ჩემპიონატში ჩართვის შემთხვევაში ქართული რაგბი უფრო სწრაფი ტემპებით განვითარდება და ეს კონკურენტუნარიანობის კუთხით კარგი იქნება თავად ჩემპიონატისთვისაც:
„იტალიელები წლებია გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატს თამაშობენ, რაც მთელი წლის განმავლობაში ხარისხიან თამაშებს გულისხმობს, ჩვენ კი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ორივე გუნდმა უძლიერესი შემადგენლონა დაგვიყენა, რაც ძალიან სასიამოვნოა. მათ ყავდათ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, თუმცა ორივე მათგანს უშეღავათო ბრძოლა გავუმართეთ. პირველიდან მეორე თამაშამდე პროგრესი იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ჩვენ თუ ამ დონის გუნდებთან ხშირი თამაშის შესაძლებლობა გვექნება, მოკლე პერიოდში ქართული რაგბი კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავა.
სწორედ ამიტომ გვჭირდება გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატი. მწირი ისტორიის მქონე ‘შავმა ლომმა’ ჩელენჯ თასის გასულ ორ გათამაშებაშიც დაამტკიცა, რომ კონკურენტული გუნდია. პირველ სეზონში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის უელსური გუნდი ‘სქარლეთსი’ დავამარცხეთ; შარშან ტოპ 14-ის ‘ვანს’ მოვუგეთ; ახლა იტალიურ გუნდებს ვეთამაშეთ ტოლ-სწორად. თუ გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის კარი ჩვენთვის გაიღება, დარწმუნებული ვარ პირველივე წელს მეტოქე გუნდებს არაერთ სიურპრიზს მოვუწყობთ, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მთელი წლის განმავლობაში, კვირიდან კვირამდე მაღალი დონის თამაშები გვექნება. ვფიქრობ, ქართული რაგბი და ‘შავი ლომი’ იმსახურებს ამ ტურნირის სრულფასოვან წევრად ყოფნას“.

rugby.ge