გიორგი წიტაიშვილი „მეცის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურში სტუმრად „მონაკოსთან“ 2:5 წაგებულ შეხვედრაში. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი თადარიგში იყო და თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო. გიორგი აბუაშვილი „მეცის“ განაცხადში იყო, მაგრამ ამჯერად არ უთამაშია. ფრანგული ფეხბურთის ელიტაში წელს დაბრუნებული მეცი 1 ქულით ბოლო ადგილზეა.
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-6 ტურში ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორმა“ გასვლაზე „ვოლენდამს“ 2:1 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც საჯარიმოშ მყოფმა ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი მოიგერია. „ექსელსიორი“ 6 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი
