ევრო 2027-ის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში ქუთაისში 1:1 დასრულებული მატჩის შემდეგ, საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.
გაბრიელ სიგუა: „რთული თამაში გამოვიდა, მეტის მოლოდინი გვქონდა ფეხბურთელებს და სტაფს. ახალი შეკრებილები ვართ, რაც დაგვეტყო. თუმცა, ყველაფერი წინაა, არ უნდა გავჩერდეთ და მუშაობა გავაგრძელოთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო 3 ქულით დაწყება, მაგრამ ახლა ვერაფერს შევცვლით. უნდა მოვბილიზდეთ შემდეგ თამაშზე, რომ რაც შესაძლოა მალე გამოვასწოროთ.
რაც შეეხება ჩემს ახალ კლუბს, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რადგან „ბაზელში“ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა მქონდა. განვითარებისთვის მეტი თამაში მჭირდება და გადავედი ისეთ გუნდში, სადაც მეტი სათამაშო დრო მექნება. ჯერჯერობით, ყველაფერი ნორმალურადაა და იმედია, ასე გაგრძელდება“.
საბა ხარებაშვილი: „პირველი შეკრება იყო. გაცნობით ეტაპზე ვართ, მაგრამ ყველაფერი დალაგდება და მომდევნო მატჩებში აუცილებლად მოვუმატებთ. კონცენტრაცია დაგვაკლდა. ვინაიდან, წინა ორმა თაობამ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, ჩვენი მიზანია იმავე გავიმეოროთ და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ, რათა ქვეყანა გავახაროთ. აუცილებლად შევთამაშდებით. ყველაფერი კარგად იქნება და ევროპის ჩემპიონატზე გავალთ“.
დაჩი ლორთქიფანიძე: „ზუსტად ვერ გეტყვით რა იყო მიზეზი, მაგრამ ჩემი აზრით, რაღაც მომენტში კონცენტრაცია დავკარგეთ. პირველი შეკრება იყო. ახალი გუნდია და შეთამაშება გვჭირდება. ვიცი, რომ მომდევნო მატჩებს უკეთესად ვითამაშებთ და ჩვენს შესაძლებლობას გამოვავლენთ.
ძალიან მიხარია, რომ ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი ვითამაშე. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, ჩემი აზრით, შედეგი სამართლიანი არაა, რადგან მეტოქეთა მეტი მომენტი შევქმენით, ბურთი თითქმის სულ ჩვენ გვქონდა. ნელ-ნელა დროთა განმავლობაში დავიხვეწებით. კარგი გუნდი გვყავს და ვიცი, რომ ყოველი მომდევნო მატჩი უკეთესი იქნება.
იმედი მაქვს, რომ სერია A-ში ვითამაშებ. რა თქმა უნდა, ჩემზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დავუმტკიცებ მწვრთნელს, რომ შემიძლია თამაში სერია A-ში. ვიცი, რომ პოტენციალი მაქვს, ვარჯიშებზე და გუნდშიც თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი აზრით, ეს დროის ფაქტორია, ველოდები დებიუტს და ამ სიტუაციაში ყოფნა ძალიან მიხარია. მწვრთნელთან საუბარი რამდენჯერმე მქონდა, ვიცი მისი აზრი, რომ მოვწონვარ, ამიტომ, ჩემი შანსი უნდა გამოვიყენო”.





