მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში თბილისში ბულგარეთთან 3:0 გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ერთი გოლი გაიტანა, განვლილი მატჩი შეაფასა.
ხვიჩა კვარაცხელია: “ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, რადგან გვჭირდებოდა ეს მოგება, უნდა დავაგროვოთ ქულები. ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, რაც დავგეგმეთ, ყველაფერი გამოგვივიდა. დღის დაგვირგვინება იყო კალათბურთელთა ნაკრების მოგება და აქედან ვულოცავ და იმედია, კიდევ წინ და წინ წავლენ.
დადებითად შევაფასებდი თამაშს, საწყისი 5 წუთის გარდა, მომენტი შეგვიქმნეს, რომელიც გოლად რომ გარდაესახათ, შეიძლებოდა, სხვანაირად დასრულებულიყო მატჩი. დანარჩენი ჩემი აზრით, მწვრთნელის დავალება იდეალურად შევასრულეთ. შეიძლებოდა მეტი გოლის გატანა და იყო რაღაცები, რაც უკეთ უნდა გავაკეთოთ. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და არის საშუალება, რომ ოთხი მცველით ვითამაშოთ და ჩემი აზრით, მეტოქეებისთვის ასე უფრო საშიშები ვიქნებით, ვიდრე ხუთი მცველით“.
გიორგი ქოჩორაშვილი: „პირველ რიგში კალათბურთელთა ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას და იმედია, ფინეთთანაც დიდი ბრძოლით მოიგებენ. ჩვენ წაგებული მატჩის შემდეგ მოვიგეთ, ახლა დავბრუნდებით გუნდებში, სადაც კარგად უნდა ვითამაშოთ და შემდეგ დავბრუნდებით ეროვნულ ნაკრებში“.
საქართველოს ნაკრები 3 ქულით E ჯგუფში მეორე ადგილზეა. ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს.
ლაშა თაბაგარი





