პირველი გამარჯვება მუნდიალის შესარჩევში

0
13

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფში პირველი მატჩი მოიგო. ვილი სანიოლის გაწვრთნილებმა ბულგარელებს უმასპინძლებს და უპირობოდ აჯობეს. თურქეთთან შინ 2:3 წაგებულ შეხვედრასთან შედარებით, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობა ორი მოთამაშე შეცვალა – კაპიტან გურამ კაშიას მაგივრად ირაკლი აზაროვმა ითამაშა, ხოლო გიორგი წიტაიშვილის ნაცვლად – ნიკა გაგნიძემ.
დაცვის ცენტრში საბა გოგლიჩიძე და ლუკა ლოჩოშვილი დაწყვილდნენ, მარჯვენა ფლანგს ოთარ კაკაბაძე აკონტროლებდა, მარცხენას – აზაროვი. ნახევარდაცვის ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილი, გაგნიძე და ანზორ მექვაბიშვილი მოქმედებდნენ. მარჯვენა ფლანგიდან ზურიკო დავითაშვილი უტევდა, მარცხნიდან – ხვიჩა კვარაცხელია, ხოლო ცენტრიდან – გიორგი მიქაუტაძე. ცნობისთვის, კვარაცხელიამ ოფიციალურ შეხვედრაში კაპიტნის სამკლავურით გუნდი მოედანზე პირველად გაიყვანა.
თურქეთთან გაძევებულმა სანიოლმა თამაშს თვალი ტრიბუნიდან ადევნა, ხოლო გუნდს ე.წ. ტექნიკური ზონიდან მისი თანაშემწე ზურაბ ხიზანიშვილი ხელმძღვანელობდა.
მე-4 წუთზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი კირილოვი იოლად გაცდა კაკაბაძეს და შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა რთული ბურთი მოიგერია. თუმცა, მსაჯმა ოფსაიდი დააფიქსირა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში მარცხნიდან კირილოვმა საჯარიმოში ჩააწოდა და ნიკოლოვის თავურის შემდეგ, მამარდაშვილმა გადაგვარჩინა.
მე-8 წუთზე ქოჩორაშვილმა მოედნის ცენტრიდან გრძელი დიაგონალით მეტოქის ნახევარზე გახსნილი კაკაბაძე მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში შესულმა ტსენოვს გვერდი აუარა და მარცხენათი ძლიერად დაარტყა, თუმცა, ბულგარელთა მეკარემ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
მე-20 წუთზე კვარაცხელიამ რეიდი შორეულ კუთხეში დარტყმით დაასრულა და ბურთი კარს აცდა. 29-ე წუთზე ბულგარელმა მცველმა თავის ნახევარზე ცუდად დაუგორა თანაგუნდელს ბურთი, რომელიც კვარაცხელიას დარჩა და საქართველოს ნაკრების ლიდერმა საჯარიმოში ერთი მცველის მოტყუების შემდეგ გაიტანა – 1:0. მან სანაკრებო კარიერაში მე-20 გოლი მიითვალა.
43-ე წუთზე დავითაშვილმა საჯარიმოში საუცხოო მეკარესთან პირისპირ გაგნიძეს დატოვა, რომელმაც ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა – 2:0. 65-ე წუთზე ჩვენი გუნდის კარგი კომბინაცია დარტყმით ქოჩორაშვილმა დაასრულა და მეკარეს ხელიდან გაუვარდა ბურთი, რომლსაც მიქაუტაძემ კარში ადგილი მიუჩინა – 3:0. მსაჯმა გოლი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ჩათვალა. მიქაუტაძემ ნაკრებში თავი 21-ედ გამოიჩინა.
75-ე წუთზე ბულგარელთა იერიში ხელსაყრელი პოზიციიდან პეტკოვმა არაზუსტი დარტყმით დაასრულა. 82-ე წუთზე კაკაბაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და გიორგი გულიაშვილმა კარგი პოზიციიდან თავით ვერ გაიტანა. 90-ე წუთზე კოლევის თავური სახიფათო, მაგრამ არაზუსტი აღმოჩნდა.
91-ე წუთზე მექვაბიშვილმა ბულგარელთა გოლკიპერს გულიაშვილი შეატოვა, რომელმაც ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა. მატჩის ბოლოს ნაკრების დებიუტანტმა ნოდარ ლომინაძემ თავისი ნახევრიდან გვარიანი მანძილი ირბინა და საჯარიმოში გულიაშვილმა მოძებნა, რომელმაც თავისი შანსი ისევ ვერ გამოიყენა.
E ჯგუფის მეორე შეხვედრაში ესპანეთმა სტუმრად თურქეთი 6:0 გაანადგურა. საქართველოს ნაკრები 3 ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა. ჩვენი გუნდი 11 ოქტომბერს სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს – თურქეთს.
საქართველო-ბულგარეთი 3:0 (2:0)
7 სექტემბერი. თბილისის. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო:
მამარდაშვილი; კაკაბაძე (ლომინაძე 83), გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი; გაგნიძე, ქოჩორაშვილი (მამუჩაშვილი 77), მექვაბიშვილი; დავითაშვილი (ლობჟანიძე 83), მიქაუტაძე (ზივზივაძე 77), კვარაცხელია (კ) (გულიაშვილი 77).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
ბულგარეთი: ვუცოვი; მინკოვი (ნიურნბერგერი 46), დიმიტროვი, ბოჟინოვი, ნედიალკოვი; კრაევი (გრუევი 46), ცენევი; პეტკოვი (შოპოვი 80), მილანოვი (კ) (ჩოჩევი 67), კირილოვი; ნიკოლოვი (კოლევი 67).
მთავარი მწვრთნელი:
ილიან ილიევი.გოლები: 1:0 კვარაცხელია (30), 2:0 გაგნიძე (44), 3:0 მიქაუტაძე (66).
გაფრთხილება: მექვაბიშვილი (3), ლოჩოშვილი (10), ცენოვი (18), პეტკოვი (39), კრაევი (45), დიმიტროვი (53)
მთავარი მსაჯი:
გლენ ნიუბერგი (შვედეთი).
ლაშა თაბაგარი