მონტელა: “შესაბამისად მოვემზადეთ, არაფერი განსაკუთრებული”

0
5

თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინჩენცო მონტელას განცხადებით, საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ განსაკუთრებულად არ მომზადებულან. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის E ჯგუფის პირველ შეხვედრაში თბილისში 3:2 მოგებული მატჩის მერე განაცხადა.
ვინჩენცო მონტელა: “მას შემდეგ, რაც 10 ფეხბურთელით დავრჩით, თამაშის ინერცია ცოტა შეიცვალა, მანამდე დომინანტები ვიყავით, ბევრი მომენტი შევქმენით. ვწუხვარ ბარიშის გაძევების გამო, რადგან ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებიდან გამომდინარე მოვემზადეთ, რასაც ვაკვირდებოდით, ნახევარმცველები და მცველები ცოტა უკან იყვნენ დაწეულები და შესაბამისად მოვემზადეთ, არაფერი განსაკუთრებული.
ყველა თამაში ერთმანეთისგან განსხვავებულია. საქართველოს ნაკრებს უნდა მივულოცოთ, რადგან განვლუილ პერიოდში ძალიან განვითარდა. შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი თამაში ჩვენთვის უფრო რთული იყო. ზოგადად, ასეთ ტურნირებზე პირველი მატჩები ყოველთვის რთულია.
ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებით, ყოველი მატჩის წინ სხვანაირად ხდება ვარჯიში და ტაქტიკის დაგეგმვა, მეტოქიდან გამომდინარე. ესპანეთთან თამაში ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, ევროპის ჩემპიონთან შინ ვითამაშებთ და ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. დიახ, თურქული სპორტისთვის მნიშვნელოვანი კვირაა, კალათბურთის ნაკრებმა მოიგო, ასევე, ქალებმაც ფრენბურთში და ვულოცავ, ეს თურქული სპორტისთვის ბედნიერი დღეებია.
სამწუხაროა, როდესაც შეკრება ასე ცოტა ხანს გრძელდება, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი კვირა, რადგან ერთად ყოფნა სასიამოვნოა. ნამდვილად ვამაყობ, არა მხოლოდ ამ ბიჭების მწვრთნელობით, არამედ მათთან ერთად ყოფნით.
ბოლოს ბევრი ვინერვიულეთ, რასაც სიამოვნებით ავირიდებდი თავიდან, მაგრამ ბოლო 30 წუთში დავინახეთ ამ გუნდის სულისკვეთება, რომელიც ბოლომდე გულით იბრძოდა გამარჯვების მოსაპოვებლად.
რაც შეეხება ესპანეთს, ევროპის ჩემპიონთან ვიეთამაშებით, ძალიან ძლიერ გუნდს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ვიცით, დარწმუნებული ვარ, რომ გვაქვს იარაღი, რომ მათ პრობლემები შევუქმნათ”.