ქართველთა „იმედი“ კვიპროსზე

0
108

კვიპროსის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლიმასოლში მიმდინარე საკალათბურთო ევროპირველობის ჯგუფურ მატჩებს როგორც საქართველოდან, ასევე კვიპროსში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები მრავლად ესწრებიან. გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობად  იქცა საქართველოს ნაკრების მატჩების პაუზისას ქორეოგრაფიული ანსამბლის გამოსვლა, რომლის დახვეწილმა, გემოვნებიანმა რეპერტუარმა კიდევ უფრო დიდი საგულშემატკივრო მუხტი შესძინა ტრიბუნებზე მსხდომ ქართველებს და სამშობლოდან მოშორებით მყოფებს პატრიოტული გრძნობაც გაგვიმძაფრა.
ჩვენი კოლეგა, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის თენგიზ პაჭკორიას მეშვეობით შევიტყვეთ, რომ ლიმასოლის სპიროს კიპრიანუს არენის პარკეტზე როგორც ცეცხლოვანი, ასევე ნატიფი ცეკვების შემსრულებელი კვიპროსის ქართველთა სათვისტომოს ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედია“ და ბატონი თენგიზის დახმარებით კოლექტივის სამხატვრო ხელმძღვანელ თამარ გელაშვილს შევხვდით, რომლისგანაც საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ და გვსურს ქართველ საზოგადოებასაც გავაცნოთ.
ქალბატონი თამარი პროფესიონალი ქორეოგრაფი გახლავთ. დასრულებული აქვს თბილისის ქორეოგრაფიული სახალხო უნივერსიტეტი, სამშობლოში მუშაობდა ქორეოგრაფად, 2004 წლიდან ცხოვრობს კვიპროსში და აგერ უკვე 20 წელიწადია მეტად საშურ საქმეს ემსახურება – ბავშვებს ქართული ცეკვის ანბანს ასწავლის და მეტად საინტერესო კოლექტივს, „იმედს“ უდგას სათავეში.
მოზარდთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“ 2007 წელს კვიპროსში ქართველთა სათვისტომოს „ძალა ერთობაშია“ (ხელმძღვანელი მევლუდ ყაფლანიშვილი) ინიციატივით დაარსდა. თავდაპირველად კოლექტივს ვაკო ყაფლანიშვილი თავკაცობდა, 6 თვის შემდეგ კი სამხატვრო ხელმძღვანელის საპატიო და საპასუხისმგებლო მისია თამარ გელაშვილმა გადაიბარა. მას შემდეგ მოყოლებული ქალბატონი თამარი წარმატებით უთავსებს „იმედში“ ქორეოგრაფისა და სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს.


„იმედში“ ქართულ ხალხურ ცეკვას ეუფლებიან როგორც ქართველი ემიგრანტების შვილები, ასევე საქართველოდან კვიპროსში ჩამოსული ეთნიკური ბერძნების მეორე და მესამე თაობის წარმომადგენლები.
„იმედი“ წარმატებით გამოდის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფესტივალებზე და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.
2016 წელს იმედელებმა მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ჩატარებულ ინტერდიასპორულ პროექტში „ხელოვნების ზეიმი“.
2017 წელს „იმედი“ წარმატებით გამოვიდა საქართველოში გამართულ ემიგრანტული შემოქმედების საერთაშორისო ფესტივალზე. ანსამბლის წევრებს პარლამენტის სახელით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელობამ მადლობის სიგელები და საჩუქრების გადასცა.
2018 წელს „იმედმა“ ბათუმში გამოიჩინა თავი, სადაც იუნესკოს ეგიდით საერთაშორისო ფესტივალი „იმედის ტალღა“ ჩატარდა.
პანდემიამ დაღი „იმედის“ ფუნქციონირებასაც დაასვა. ანსამბლმა რეპეტიციები 2024 წლიდან განაახლა და მას შემდეგ მოყოლებული არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და მაღალ დონეზე დადგმული ცეკვების შესრულებით ჟიურის წევრებთან ერთად მაყურებელიც მოხიბლა.
2025 წელს „იმედს“ მეტად საპასუხისმგებლო მისია დაეკისრა. ანსამბლის მესვეურებს ევრობასკეტის საორგანიზაციო კომიტეტიდან დაუკავშირდნენ და შესთავაზეს მატჩების პაუზების დროს მაყურებლისთვის ქართული ცეკვის ხიბლი გაეცნოთ. ქალბატონმა თამარმა და კოლექტივის წევრებმა ეს საპატიო მისია წარმატებით იტვირთეს და მაღალესთეტიკური ხელოვნებით კალათბურთის გულშემატკივრები მოხიბლეს.
უახლოეს გეგმებს რაც შეეხება, „იმედი“ სექტემბერში ლარნაკას წარმომადგენლობით საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. დარწმუნებულები ვართ, როგორც უახლოეს, ასევე მომდევნო ღონისძიებებში „იმედი“ წარმატებით გამოვა და კიდევ უფრო დიდ აუდიტორიას მოაწონებს ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთ ღირებულ კულტურულ საგანძურს, ქართულ ცეკვას.
ქართველი გულშემატკივრების სახელით მადლობას მოვახსენებთ „იმედს“, მის სამხატვრო ხელმძღვანელს თამარ გელაშვილს და მეტად საპატიო საქმიანობაში შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ.

გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ლიმასოლიდან
პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას