კვიპროსში მიმდინარე ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, კონტინენტის მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კიდევ ერთ გრანდთან, იტალიასთან ჩაატარა და ამჯერად მარცხი განიცადა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ აპენინელებს მეთოთხმეტედ შევხვდით და როგორც წინა 13 ასპარეზობა, იტალიელებთან კვლავ დავთმეთ.
კარგად ჩატარებული პირველი ტაიმისა და კიდევ უფრო კარგი მესამე პერიოდის საწყისი წუთების შემდეგ, საქართველოს ნაკრები აირია, თამაშის სადავეები ხელიდან გაექცა და საბოლოოდ 16 ქულით – 62:78 დამარცხდა.
გადამწყვეტი დასკვნითი პერიოდის საწყისი წუთები გამოდგა. იტალიელებმა მეოთხედი 10:0 გაქცევით დაიწყეს და ჩვენი მდგომარეობაც ძალიან დამძიმდა. შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე, სანდრო მამუკელაშვილმა მეხუთე პერსონალური ჯარიმა მიიღო და პარკეტი ნაადრევად დატოვა, საფინალო სირენამდე სამიოდე წუთით ადრე კი ჩვენი გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია პარკეტიდან გააძევეს. შენგელიას ნერვებმა უმტყუნა – მსაჯების მიმართ პრეტენზია არცთუ კორექტულად გამოხატა და გასახდელის გზას გაუყვა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფიბას სადისციპლინო კომიტეტმა თორნიკე შენგელიას ფულადი ჯარიმა დააკისრა და მომდევნო შეხვედრაში ასპარეზობის ნება დართო.
“მაქსიმალურად კორექტულად ვიტყვი, ჩემი საქმე არაა, მაგრამ ვისურვებდი, რომ მსაჯობა უკეთესი ყოფილიყო” – განაცხადა მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ბექა ბურჯანაძემ და ძნელია, ჩვენი ნაკრების მძიმე ფორვარდს არ დაეთანხმო.
“დღევანდელ შეხვედრაში ყველა მეოთხედი განსხვავებული გამოვიდა. წარმატებისთვის ყველაფერი გავიღეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩვენი მიზანი გვაქვს და დანებებას არ ვაპირებთ. ყველაფერი წინაა! დღევანდელ შეხვედრაში გოგა ბითაძეს გამოვარჩევ და დავამატებ, ეს მისი მაქსიმუმი არაა. გოგას უფრო მეტი შეუძლია და ამას მალე დაამტკიცებს. მომდევნო მეტოქე საბერძნეთია. კალენდარი რთულია, მაგრამ გუნდში ტრავმები არ გვაქვს და ამიტომ დატვირთვას უნდა გავუძლოთ. იმედია, რაც დღეს არ გამოგვივიდა, ხვალ გამოვა”, – ეს უკვე საქართველოს ნაკრების სერბი მთავარი მწვრთნელის ალეკსანდრ ჯიკიჩის სიტყვებია.
საქართველოს ნაკრებში 22 ქულით, 4 მოხსნითა და 3 დაფარებით საუკეთესო იყო გოგა ბითაძე. 13 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი სანდრო მამუკელაშვილმა მოაგროვა. კამარ ბოლდვინის ანგარიშზე 9 ქულა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრების მესამე მეტოქე საბერძნეთის ნაკრებია, რომელმაც იანის ანტეტეკუნმპოს გარეშე კვიპროსი 96:69 გაანადგურა. ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში ესპანელებმა ბოსნიელებს უპრობლემოდ სძლიეს. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 31 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ლიმასოლიდან
პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას
