კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში მიმდინარე ევროპის პირველობის ჯგუფური ეტაპის სასტარტო ტურში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტის მოქმედი ჩემპიონის ესპანეთის დამაჯერებელი თამაშითა და ანგარიშით დამარცხების შემდეგ მთელი ქვეყანა გაახარა და ტურნირზე საბოლოო წარმატების მიღწევის საფუძვლიანი იმედი ჩაუსახა.
ჩვენები მომდევნო შეხვედრას 30 აგვისტოს კიდევ ერთ აღიარებულ ევროგრანდთან, იტალიასთან ჩაატარებენ და უსიამოვნო ტრადიციის დარღვევასაც შეეცდებიან. საქმე ისაა, რომ საკალათბურთო „სკუადრა აძურასთან“ რამდენიმე დაპირისპირებისას საქართველოს მცირედი დააკლდა აპენინელთა დასამარცხებლად, მაგრამ ასპარეზობათა დასკვნით წუთებსა თუ წამებში სპორტულმა ფორტუნამ ზურგი შეგვაქცია. იმედია, ლიმასოლში ნავსი გატყდება…
იტალიელებთან პრინციპული დაპირისპირების წინა დღეს კი საქართველოს ნაკრებმა სპიროს კიპრიანუს სახელობის დარბაზში წინასამატჩო გენერალური რეპეტიცია ჩაატარა, სერბი სპეციალისტის ალეკსანდრ ჯიკიჩის დამრიგებლობით ივარჯიშა. ევროპირვებაზე აკრედიტებული ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის წვრთნის დასკვნითი 15-20 წუთი ღია იყო და დარბაზში შესულმა მასმედიელებმა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად დავინახეთ ჩვენების იმედიანი, ხალისიანი, ამავდროულად მეტად სერიოზული განწყობა უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან სასაუბროდ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გოგა ბითაძე გამოვიდა.
„ევროპის მოქმედ ჩემპიონთან გამარჯვება ერთბაშად რამდენიმე ასპექტით იყო მნიშვნელოვანი. ამასთან ჩვენი მიზანი და სტრატეგია ბევრად არც ამ მოგებას შეუცვლია – ყველა მომდევნო ასპარეზობას მხოლოდ წარმატების მისაღწევად ჩავატარებთ. მომდევნო ოპონენტი მეტად ძლიერი გვყავს. ცხადია, საბერძნეთი-იტალიის მატჩს თვალი დიდი ინტერესით მივადევნე. აპენინელთა მთავარ მწვრთნელს ჯანმარკო პოცეკოს კარგი გუნდი ჰყავს. იტალიას გარკვეულ მომენტებში არ გაუმართლა. გამოცდილმა კალათბურთელებმა რამდენჯერმე მარტივი სიტუაციიდან ბურთის კალათაში მოთავსება ვერ მოახერხეს, თორემ შეხვედრის მიგებაც კი შეეძლოთ.
რთული თამაში გველის და შევეცდებით, ყველა ის საჭირო ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც გამარჯვებაში დაგვეხმარება. იტალიელთა წინახაზელებს უნდა ვაჯობოთ, უკანახაზელებს კი მოქმედების არეალი მაქსიმალურად უნდა შევუზღუდოთ და სროლის საშუალება არ მივცეთ. თუკი საბერძნეთთან მატჩის დროს, მაგალითად სიმონე ფონტეკიომ 34 წუთში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო, ჩვენთან დაპირისპირებისას ის და მისი პარტნიორები უკეთ თამაშს შეეცდებიან“, – განუცხადა ბითაძემ სპიროს კიპრიანუს სახელობის დარბაზში მისულ მასმედიელებს.
გოგა უცხოელ ჟურნალისტებსაც გაესაუბრა, მათ საკალათბურთო კარიერის შესახებ ესაუბრა და სიამაყით განუცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ასპარეზობა მისთვის მეტად სასიხარულო და საპასუხისმგებლო საქმეა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და იტალიის ნაკრებების მატჩი 30 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, ლიმასოლიდან პირდაპირ რეპორტაჟს კი პირველი არხი შემოგთავაზებთ.
გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ლიმასოლიდან
პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას
