საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მეექვსედ ევრობასკეტზე სათამაშოდ ემზადება. ჩვენი ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს კვიპროსის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლიმასოლში ჩაატარებს. ქართველებს კენჭისყრაში ნაკლებად გაგვიმართლა – მეტოქეებად კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, ევროგრანდები იტალია, საბერძნეთი, ამბიციური ბოსნია და ტურნირის მასპინძელი კვიპროსი შეგვხვდნენ.
28 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. წინასამატჩო ბოლო ვარჯიში ჩვენებმა სერბი მთავარი მწვრთნელის ალეკსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ასპარეზობის არენაზე, სპიროს კიპრინუს სახელობის დარბაზში ივარჯიშა, შემდეგ კი დამრიგებელმა და გუნდის კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია, ეგრეთ წოდებული წინასატურნირო წარდგენა გამართეს.
პრესკონფერენციის დეტალებზე საუბრამდე მასმედიელთათვის ღია წვრთნის დასრულებისთანავე აკრედიტებული ჟურნალისტებისთვის ჩვენი ქვეყნის საკალათბურთო ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ნაკრების წევრებმა მედიის წარმომადგენელთათვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემ ხაზი გაუსვა ბიჭების მონდომებას და წარმატებისკენ დაუოკებელი სწრაფვის სურვილს. მან ჯგუფის ფავორიტებად ესპანელები, იტალიელები და ბერძნები დაასახელა, ამასთან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრები მხოლოდ ბოსნიასა და კვიპროსთან მოგებით შემოფარგვლას არ აპირებს და ყველა ოპონენტთან პარკეტზე სათამაშოდ მოსაგებად გავა. ამასთან, სანიკიძემ დასძინა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა უფრო რთულია, ვიდრე იგივეს მიღწევა მსოფლიო პირველობაზე.
მოგეხსენებათ, ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ბოლო ტურნირს ატარებს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელი გიორგი შერმადინი. ვეტერანი მეფარე ევრობასკეტს ოპტიმისტური განწყობით ხვდება და აცხადებს, რომ ესპანელებთან გუნდი მხოლოდ მოსაგებად იბრძოლებს.
მოუთმენლად ელის . ჩვენი ეროვნული გუნდის მძიმე ფორვარდი ბექა ბურჯანაძე კონტინენტის პირველობის სტარტს და კონკრეტულად პირველ შეხვედრას მოუთმენლად ელის. მისი თქმით, დიდხნიანი მზადება ცოტათი მომაბეზრებელიცაა და ერთი სული აქვს, როდის აიღებს სტარტს ესპანელთა წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩი.
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში საქართველოს წარმომადგენელი სანდრო მამუკელაშვილი საბრძოლველადაა განწყობილი. მისი თქმით, თბილისში 2022 წელს ჩატარებული ევრობასკეთის მსვლელობისას მან სათანადო გამოცდილება მიიღო და ამჯერად უკეთ გამოსვლასაც აპირებს. თანანაკრებელთა დარად, სანდრომაც განაცხადა, რომ ჩვენი გუნდი არავის უფრთხის და წარმატების მიღწევის საფუძვლიანი იმედიც აქვს.
დავუბრუნდეთ პრესკონფერენციას. ჟურნალისტებთან შეხვედრის წამყვანმა პირველი სიტყვა შენგელიას მისცა: “მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგადაა. ორი კვირის განმავლობაში გუშინ პირველად ვივარჯიშე გუნდთან ერთად და ძნელი სათქმელია, რამდენად მოვასწრებ სათანადო ფორმის აკრებას. ჩემი სურვილია, ვითამაშო, მაგრამ არ მსურს სათანადო კონდიციის არქონის გამო ბიჭებისთვის და მთლიანად გუნდისთვის ხელისშემშლელ ფიგურად ვიქცე. უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება ვითამაშებ თუ არა პირველ ტურში. ცდას არ დავაკლებ, რათა იტალიელებთან დაპირისპირებას სათანადო ფორმაში შევხვდე”.
ალეკსანდრ ჯიკიჩს რაც შეეხება, მან საქებარი სიტყვები არ დაიშურა ესპანელთა მიმართ, განაცხადა, პირენელებს ნებისმიერი საკალათბურთო ასპექტით კარგად მომზადებული კოლექტივი ჰყავთ და მათი იტალიელი დამრიგებლის, სერჯიო სკარიოლოს განკარგულებაში უმაღლესი კლასის მოთამაშეები არიანო. ამასთან, სერბი სპეციალისტი, თავისი მოთამაშეების მსგავსად დაგვპირდა, რომ ყველა ოპონენტს და ხვალინდელ მეტოქესაც დიდ ბრძოლას გაუმართავს.
გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ლიმასოლიდან
პროექტის განხორციელებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას
