„სპაერი“ „აუსტრიასთან“ დაიჩაგრა

0
18

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის „აუსტრიამ“ თბილისის „სპაერთან“ ფავორიტობა მეორე მატჩშიც დაამტკიცა და სტუმრად საპასუხო შეხვედრა გაცილებით დიდი ანგარიშით მოიგო, ვიდრე საშინაო მატჩი. „მიხეილ მესხი 2“-ზე გამართული დაპირისპირების მე-9 წუთზე დრაგოვიჩმა დაახლოებით 18 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა და ბუხუტი ფუტკარაძემ ნახტომში ბურთი მოიგერია. სამ წუთში ავსტრიელთა შეტევის დროს, კართან ახლოს მდგომმა რანფტლმა მახვილი კუთხიდან დაარტყა და მასპინძლები ისევ ფუტკარაძემ გადაარჩინა. ცოტა ხანში, ავსტრიელთა ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, „სპაერის“ მცველის მოგერიებული ბურთი გუენუჩემ საჯარიმოს გარედან კარში გაგზავნა და ისევ ფუტკარაძემ ივაჟკაცა. 41-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ფიტცმა თბილისელთა კართან პლავოტიჩი მოძებნა, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 0:1. ორ წუთში სტუმართა შეტევის დროს თბილისელთა მცველმა ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ფიტცმა საჯარიმოს ხაზიდან „ცხრიანში“ ჩასვა – 0:2. მსაჯის მიერ პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ავსტრიელი ფეხბურთელის დარტყმული ბურთი ნიკა ჩაგუნავას თავის საჯარიმოში ხელში მოხვდა და მსაჯმა პენალტი დადო, რომელიც მელოუნმა გაიტანა – 0:3. მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ მელოენი პირისპირ გავიდა ფუტკარაძესთან და ანგარიშში სხვაობა ოთხ ბურთამდე გაზარდა – 0:4. ცოტა ხანში, სალიჩი „სპაერის“ მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ფუტკარაძემ აუღო. ამის შემდეგ, გატანა ბოტას შეეძლო, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან თავით დაარტყა და ფუტკარაძემ ბურთი უკუაგდო. 72-ე წუთზე ეგეშტეინმა რეიდი მოედნის ცენტრიდან დაიწყო და ოთხ თბილისელს გაცდა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 0:5. შეხვედრის მიწურულს „სპაერი“ კიდევ ორჯერ გადარჩა – ჯერ საჯარიმოში შეჭრილი ეგეშტეინის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ სალიჩმა ახლო მანძილიდან ააცილა. ორი მატჩის ჯამში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერმა და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედმა მფლობელმა „სპაერმა“ 0:7 წააგო.
„სპაერი“ (თბილისი) – „აუსტრია“ (ავსტრია) 0:5 (0:3)
31 ივლისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
„სპაერი“:
ფუტკარაძე, ჩაგუნავა, კენჭაძე (კ) (გრიგალაშვილი, 77), ბუნტური, სამხარაძე, წურწუმია (ჩოთალიშვილი, 46), მაისურაძე, ბარაბაძე, ფონიავა (მატენჯვა, 46), გეგიაძე (კობახიძე, 77), ცეცხლაძე (ცეცხლაძე, 46).
მთავარი მწვრთნელი: ანზორ კიღურაძე.
„აუსტრია“: საჰინ-რადლინგერი, რანფტლი (პაზოურეკი, 68), პლატოვიჩი, დრაგოვიჩი (ჰანდლი, 56), გუენოუჩე, კანგ-ჰი ლი, ფიშერი, ბარი (ვაიზინგერი, 46) , მელოუნი (ეგეშტეინი, 56), ფიტცი (სალიჩი, 56), ბოტიჩი.
მთავარი მწვრთნელი:
შტეფან ჰელმი.
გოლები: 0:1 პლავოტიჩი (40), 0:2 ფიტცი (43), 0:3 მელოუნი (45+2, პენ.), 0:4 მელოუნი (55), 0:5 ეგეშტეინი (72).
გაფრთხილება:
ბუნტური (9), ბარი (19), ჩაგუნავა (38), კანგ-ჰი ლი (73), გეგიაძე (75), კობახიძე (79).
მთავარი მსაჯი: ა. ჩალტახჩიანი (სომხეთი).

 

ლაშა თაბაგარი