თბილისის “სპაერის” მთავარი მწვრთნელის ანზორ კიღურაძის თქმით, სურთ დაამტკიცონ, რომ მის გუნდთან თამაში მარტივად არავის გამოუვა. მან ამის შესახებ უეფას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის “აუსტრიასთან” საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც გუნდის მეკარე ბუხუტი ფუტკარაძეც დაესწრო.
ანზორ კიღურაძე: “ჩვენსა და ვენის აუსტრიას შორის უზარმაზარი სხვაობაა. ავსტრიაში ძალიან მაგარ გარემოში ვითამაშეთ. ჩვენ ჯერ უმაღლესი ლიგის გამოცდილებაც არ გვაქვს. წინა შეხვედრაში ბევრი სიახლე ვნახეთ ისეთი, რაც აქამდე ნანახი არ გვქონდა. ის თამაშის ხარისხი, რაც წინა კვირას ვაჩვენეთ, ჩემთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია, თუმცა არა შედეგი. რაც შეეხება შანსებს, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. არ ვიცით ვინ როგორ განწყობაზე შეხვდება თამაშს, ჩვენ ამაზეც ვმუშაობთ.
არ ვთვლით, რომ უშანსოდ ვართ. აქამდეც დაგვიმტკიცებია, რომ შეუძლებელი ჩვენთვის არაფერია. ბევრისგან მსმენია, რომ სიურპრიზების გუნდი ვართ. მესხი 2-ზე იმიტომ ვითამაშებთ, რომ იბერიას ჩვენ თამაშამდე 2 დღით ადრე მთავარ მოედანზე ჰქონდა მატჩი. ესეც ჩვენი გუნდის განვითარების ერთ-ერთი ეტაპია.
მოწინააღმდეგის სათამაშო მოდელიც კი ჩვენთვის ახალი იყო. განსხვავებული დაცვითი თუ შეტევითი სისტემა ჰქონდათ. ვენაში ჩვენი ამოცანა პირველ რიგში დაცვაში კარგი თამაში იყო და შემდეგ კონტრ შეტევები.
გულშემატკივრებმა ავსტრიაში საოცარი გარემო შექმნეს. ხალხი ტრიბუნებზე 2 საათით ადრე მივიდა. მათ არ ჰქონიათ იმის განცდა, რომ საქართველოს მეორე ლიგის გუნდთან ჰქონდათ თამაში. მაქსიმალურად სერიოზულობით მიუდგნენ საქმეს. აქედან იმის სწავლა შეიძლება, რომ შენზე ბევრად სუსტ გუნდსაც მაქსიმალურად უნდა მიუდგე.
აუსტრია ძალიან სწრაფად მოთამაშე გუნდია, სივრცეებს იქმნიან და კარგადაც იყენებენ. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ მსგავსი თამაშები არ გვითამაშია. ვთვლი, რომ კარგი გამოცდილება შევიძინეთ. იმედია ამას ჩვენ სასიკეთოდ გამოვიყენებთ.
მე-8 წუთზე გაგვიტანეს, გულშემატკივრების დიდი ემოციები იყო, ჩვენც გამოუცდელი გუნდი ვართ, თუმცა მიუხედავად ამისა არ დავიბენით. ჩვენთვის ევროტურნირების საგზური არავის უჩუქებია, ჩვენი ბრძოლით მოვიპოვეთ. ამაში ხასიათი ძალიან დაგვეხმარა. სწრაფი გოლის გასვლის შემდეგ, ბევრი ფიქრობდა ალბათ, რომ კიდევ ბევრს გავუშვებდით. 90-ე წუთამდე მხოლოდ 1 გოლი გვქონდა გაშვებული და შემდეგ პენალტი გაგვიტანეს. გარდა ამისა 3 საგოლე სიტუაცია შვქმენით. ჩვენი დონის გუნდისთვის, ეს ყველაფერი ცუდი ნამდვილად არ არის.
პირველი თამაშის კვალობაზე ამხელა გუნდთან ფეხბურთელებმა მაქსიმუმზე მაქსიმუმი გააკეთეს. მეც და კლუბის ხელმძღვანელებსაც ძალიან გაგვიხარდება თუ ჩვენი რომელიმე ფეხბურთელი კარიერას უცხოეთის კარგ კლუბში გააგრძელებს. ჩვენ მას ხელს არ შევუშლით.
ფიზიკური მომზადების მხრივ საქართველოში ტოლი არავის დავუდეთ. საქართველოსა და ავსტრიას შორის ამ კუთხით დიდი სხვაობაა. საქმეს ესეც გვირთულებს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ დროის დიდ ნაწილს უბურთოდ ვატარებთ. ამის მიუხედავად, კიდევ კარგი ფიზიკური მომზადება ვაჩვენეთ.
ბუხუტი ფუტკარაძე: ეს თამაში თითოეული ჩვენგანისთვის დიდი გამოცდილებაა. ასეთ დონეზე არ გვქონდა ნათამაშები. ბედნიერი ვიყავი, რომ მსგავს ატმოსფეროში ვითამაშე. ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. პირველი გოლის შემდეგ, უკეთ ავთამაშდით. ვფიქრობ ხვალ მოედანზე თავდაჯერებულები გავალთ.
გუნდში იდეალური განწყობაა. ხელი იმანაც შეგვიწყო, რომ 2 კვირაა შეკრებაზე ვართ. 1 ოჯახად ვართ ჩამოყალიბებული. გვინდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენთან თამაში მარტივად არ გამოვა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ბევრს ეგონა, რომ დიდი ანგარიშით წავაგებდით. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ”.
“სპაერმა” პირველი შეხვედრა სტუმრად 0:2 წააგო. “სპაერის” და “აუსტრიას” დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ შეხვედრა “მიხეილ მესხზე” შედგებოდა, მაგრამ 29 ივლისს ნახსენებ არენაზე “იბერია” – “ლევადიას” შეხვედრა შედგა, რის გამო, უეფას რეკომენდაციით “სპაერი” “აუსტრიას” სათადარიგო არენაზე მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ვენურმა გუნდმა პირველი თამაში 2:0 მოიგო.





