თბილისის “იბერიას” მთავარ მწვრთნელ ლევან კორღალიძეს აზრით, უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად “ლევადიასთან” 0:1 წაგების მთავარი მიზეზი, საგოლე მომენტების გამოუყენებლობა იყო. მან ამის შესახებ ხვალ ტალინელებთან გასამართ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც მეკარე გიორგი მაკარიძე დაესწრო.
ლევან კორღალიძე: “ამდენი მომენტის გამოუყენებლობის შემდეგ, გაშვების საშიშროებაა. რეალიზაციის დიდი პრობლემა გვქონდა. ვერ ვიტყვი, რომ ხარისხი გვაკლია. სამწუხაროა, რომ საჭირო გოლები ვერ გავიტანეთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა.
მათ მწვრთნელს ვერ დავეთანხმები, რომ ფავორიტები არიან, თუმცა პოლემიკას არ დავიწყებ. მთავარი ადეკვატური შეფასებაა. გუნდი, რომელიც პირველად 73-ე წუთზე დაგვირტყამს, ვერ დავეთანხმები, რომ უპირატესობა ჰქონდათ. ამდენი 100%-იანი მომენტი საქართველოს ჩემპიონატის ბოლო 5 თამაშში არ გვქონია.
კლუბის ხელმძღვანელობისგან დიდი ნდობა მაქვს. ეს გამომდინარეობს ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგებიდან. კარგ სანახაობრივ ფეხბურთს ვაჩვენებთ. ყველა გუნდს აქვს რთული პერიოდი. კლუბი ცოცხალი ორგანიზმია და ეს პროცესის თანმდევია. ამას არ უნდა შევეგუოთ და სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და კლუბის ხელმძღვანელების. თუ ცუდი შედეგი იქნება, კლუბის შეფებთან ერთად დავჯდები და დავილაპარაკებთ, გადავწყვეტთ რა იქნება “იბერიასთვის” კარგი.
დასვენება და ძალების აღდგენა ფეხბურთელებისთვის ხშირად ვარჯიშზე მნიშვნელოვანია. ხვალ მოწინააღმდეგეც ანალოგიურ სიტუაციაში იქნება. პროფესიონალები ვართ და მსგავს გრაფიკს მიჩვეულები ვართ.
ჩვენთან დიდი კონკურენციაა, ვცდილობ სამართლიანი ვიყო, ეს ხან გამომდის ხან არა. კონკრეტული თამაშიდან გამომდინარე ვიღებთ გადაწყვეტილებას თუ ვინ დავაყენოთ თავდასხმაში. როცა რუსევიჩი შევიდა შეცვლიდან და გაიტანა, შემდეგ მას მივეცით შანსი, იგივე სიტუაცია იყო ძაგანიაზე.
“ლევადიასთან” თამაში ნამდვილად კარგად იყო დაგეგმილი. სწორედ ეგ სცენარი წარმოგვედგინა. რეალიზაციის პრობლემა რომ არა, ამ შეხვედრას მოვიგებდით. ასევე მნიშვნელოვანია თამაშის მსვლელობისას კორექტივების შეტანა. კარგია თუ ის გამოგვივა, რაც დაგეგმილი გვაქვს, თუმცა აუცილებელია გეგმა B-ც მზად გვქონდეს. დიდი იმედი მაქვს, რაც დავგეგმეთ ყველაფერი გამოგვივა”. |
გიორგი მაკარიძე: “პირველი თამაშიდან გამომდინარე შანსები თანაბარია. უკეთესი გუნდი ვართ, შევეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, შემდეგ ეტაპზე გავალთ. ახლა ყველაზე მთავარი ერთობა და განწყობაა. ეს ორი კომპონენტი თუ გვექნება ხვალ, დადებით შედეგს მივაღწევთ.
დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრები სტადიონს გაავსებენ. იმედია ხვალ კიდევ ერთხელ დაგვიდგებიან გვერდში და გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ. პირობას ვდებ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ.
ბოლო წაგებებმა ფსიქოლოგიურად იმოქმედა და ესეც არის მარცხის ერთ-ერთი მიზეზი. სწორედ ამიტომ მინდა, რომ გულშემატკივრები მოვიდნენ და ერთად მოვიგოთ. შემდეგ სიტუაცია ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც გამოსწორდება”.
კორღალიძის პრესკონფერენციამდე ჟურნალისტების კითხვებს ესტონელთა თავკაცმა კურო ტორესმა უპასუხა.
კურო ტორესი: “არ ვთვლი, რომ წინა თამაში გამართლების ხარჯზე მოვიგეთ. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ და გოლი ლოგიკური იყო. იბერიამ მომენტები ჩვენი შეცდომების გამო შექმნა. პირველი თამაში 1:0 დასრულდა, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ.
90 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. ვეცდებით თამაშზე ფოკუსირება არ დავკარგოთ. 1 შეცდომას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. იბერია ძლიერი გუნდია და არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ. შევეცდებით წინა თამაშში დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ. ჩემი აზრით, შეცდომები კოლექტიური იყო. წინა თამაშს გავაანალიზებთ და შევეცდებით ეს ხარვეზები გამოვასწოროთ”.





