კორღალიძე: „იმედია, შვედებთან დაშვებულ შეცდომებს გამოვასწორებთ“

0
16

თბილისის „იბერიას“ მთავარ მწვრთნელ ლევან კორღალიძეს ეიმედება, რომ „მალმიოსთან“ მატჩში დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებენ და „ლევადიასთან“ წარმატებას მიაღწევენ. მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინელებთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც თავდამსხმელი იური ტაბატაძეც დაესწრო.
ლევან კორღალიძე: “სასურველი შედეგი ყოველთვის გამარჯვებაა და ჩვენ ამისთვის ბოლომდე დავიხარჯებით. საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ვართ და რა თქმა უნდა, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ვიბრძვით. ყველა თამაშში ჩვენი პროგრამა მინიმუმი გამარჯვებაა, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. შანსებზე საუბარს ყოველთვის თავს ვარიდებ. მინდა ხაზი გავუსვა ფაქტს,რომ ძლიერი მეტოქე გვყავს.
სამწუხაროდ, “მალმიოსთან” ჩვენი ხასიათი ვერ გამოვავლინეთ. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ შვედებთან შეხვედრებში დაშვებულ შეცდომებს ახლა გამოვასწორებთ, ესტონელებს უფრო მომზადებულები შევხვდებით და “ლევადიასთან” ორმატჩიანი დაპირისპირება ჩვენი გამარჯვებით დასრულდება.
სამწუხაროდ, დანაკლისიც გვაქვს – ტრავმირებულია გიორგი ტაბატაძე, წითელი ბარათის გამო კი თამაშს გამოტოვებს გიზი მამაგეიშვილი. ორივე ფეხბურთელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ვენდობი გუნდს და იმედი მაქვს, რომ ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე გავლენ, “იბერიას” ამ დანაკლისს არ დაატყობენ”
იური ტაბატაძე: “ესტონეთში პირველად ვარ, ტალინი კარგი ქალაქია და ვფიქრობ კარგი გარემოა ხვალინდელი თამაშისთვის. გასვლითი მატჩით დაწყება – ვფიქრობ, გარკვეულწილად, უპირატესობას გვანიჭებს, რადგან მოწინააღმდეგეს უფრო მომზადებულები დავხვდებით სახლში.
ვფიქრობ, ხვალ რთული თამაში გველოდება. „ლევადიას“ ორივე თამაში ვნახე რფს-თან და ფიზიკურად რთული თამაში იქნება. „ლევადია“ საკმაოდ დაბალანსებული გუნდია, რომელსაც კარგი მწვრთნელი ჰყავს. ველოდებით ინტენსიურ თამაშს”.
ლაშა თაბაგარი