თორნიკე შენგელია: “ბარსას” გამოცდილებას, ენერგიას და მებრძოლ სულს შევმატებ”

0
28

ესპანეთის საკალათბურთო ლიგა ენდესას ერთ-ერთმა გრანდმა „ბარსელონამ“ თორნიკე შენგელიას ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის ესპანურ გრანდთან კონტრაქტი სამწლიანია, 2028 წლის 30 ივნისამდე.
34 წლის შენგელია ესპანეთში ბოლონიის „ვირტუსიდან“ დაბრუნდა. გასულ სეზონში თოკომ იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, გუნდთან ერთად ტიტული მოიგო და ფინალის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დაასახელეს.
თორნიკე შენგელიას ცხრა გუნდში უთამაშია, გამორჩეული პერიოდი ესპანურ „ბასკონიას“ უკავშირდება (2014-2020), სადაც მან 6 წელი გაატარა და ესპანეთის ჩემპიონიც გახდა. ბასკონიელებმა ფინალურ სერიაში “ბარსას” სძლიეს.
რაც შეეხება “ბარსელონას”, ბოლოს 2022/23 წლების სეზონში იყო ესპანეთის ჩემპიონი, გასულ სეზონში კი ლიგა ენდესას პლეი ოფის მეოთხედფინალში “უნიკახასთან” დამარცხდა (1:2), ევროლიგაზე კი ასევე მეოთხედფინალში “მონაკოსთან” – 2:3.
ოფიციალური წარდგენის ცერემონიალზე შენგელიამ შემდეგი განაცხადა: “ჩემი მიზანია ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ კლუბმა შეძლებისდაგვარად მეტი ტიტული მოიგოს. ბევრი საუბარი არ მიყვარს, უკეთესია, რა შემიძლია, მოედანზე ვაჩვენო. ვფიქრობ, შევძლებ “ბარსელონას” გამოცდილება, ენერგია და მებრძოლი სული შევმატო, დანარჩენი კი უშუალოდ ასპარეზობისას გამოჩნდება”.