გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით ქუთაისის „ტორპედომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში ყაზახეთის „ორდაბასი“ ძალიან დრამატულ ორთაბრძოლაში დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელები თამაშის მსვლელობისას ორჯერ აგებდნენ, საბოლოოდ სასურველი შედეგი დააფიქსირეს. რიონისპირელთა გამარჯვებისკენ ასეთი სწრაფვა დასაფასებელია, მაგრამ თუ დაცვაში თამაში არ გამოასწორეს, შემდეგ ეტაპზე გასვლა გაუჭირდებათ. ცნობისთვის, შუსტერმა მწვრთნელის რანგში კონფერენს ლიგაში პირველი თამაში ჩაატარა.
შეხვედრის დასაწყისში ყაზახების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, „ტორპედოს“ მცველმა ბურთი კარგად ვერ მოიგერია და ჟაკსუბაევმა ახლო მანძილიდან ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ხელიდან გაუშვა.
მე-14 წუთზე სოლომონ კვერკველიამ თავის ნახევარზე პასი გააკეთა, რომელიც ევერტონმა ჩაჭრა და სტუმრების ბრაზილიელმა ფოვარდმა ოდნავ წინ გამოსული გოშაძისთვის ბურთის თავს ზემოთ გადაგდება სცადა, მაგრამ მასპინძლები გოლის გაშვებას მეკარემ გადაარჩინა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში „ორდაბასიმ“ კუთხური ჩააწოდა და საჯარიმოში მცველების დასახმარებლად ჩასული ბიორნ იონსენის შეეცადა ბურთი მოგერიებას, რომელიც ტურსუნბაის ფეხიდან კარისკენ წავიდა, ხოლო „ტორპედო“ ისევ გოშაძემ იხსნა.
მე-18 წუთზე ყაზახების კარის მიმართულების საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც დაახლოებით 25 მეტრიდან ქუთაისელთა ახალწვეულმა და ახალმა კაპიტანმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა შეასრულა, თუმცა, სტუმართა გოლკიპერმა დამაჯერებლად ითამაშა.
30-ე წუთზე მასპინძლების ხორვატმა ლეგიოენრმა ითრაკმა თავისი ნახევრიდან ზუსტი გრძელი გადაცემა გაუკეთა მარჯვენა ფლანგზე გახსნილ ბრაზილიელ ფელიპე პირესს, რომელიც საჯარიმოში შევიდა და კარის წინ მდგომი ბიორნ იონსენი მოძებნა, რომლის დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა – 1:0.
32-ე წუთზე „ორდაბასის“ შეტევის დროს ალეკო ბასილაძემ თავისი საჯარიმოდან თავით გამოიტანა ბურთი, რომელიც კაპატინამ მიიღო და დაახლოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა, გოშაძეს კი ბურთი იღლიის ქვეს გაუძვრა – 1:1.
35-ე წუთზე ვაკულკოს გადაცემის შემდეგ, კვეკრკველია საკუთარ საჯარიმოში ძალიან უხეშად შეცდა და „ორდაბასის“ ქართველმა ლეგიონერმა ლუკა იმნაძემ გაიტანა – 1:2.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მამუჩაშვილმა კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ცენტრალურმა მცველმა მატეი სიმიჩმა ერთი შეხებით ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ „ორდაბასის“ კუთხურს საჯარიმოში მასპინძელი მცველების მორიგი შეცდომა მოჰყვა და ყაზახმა ფეხბურთელმა ახლო მანძილიდან გოლის გატანის კარგი შანსი ვერ გამოიყენა.
68-ე წუთზე ქუთაისელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შესული იმნაძის დარტყმული ბურთი გოშაძემ კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის ჩაწოდების მერე, კვერკველიამ, რომელსაც საშინელი მატჩი ჰქონდა, კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა და კაპატინამ სტუმრები დაწინაურა – 2:3.
79-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ბურთი სტუმართა ნახევარზე მიიღო და მარჯვნიდან საჯარიმოში გახსნილ ფელიპე პირესს გადააწოდა, ხოლო ბრაზილიელის ზუსტი პასის შემდეგ, იონსენმა ერთი შეხებით შეაგდო – 3:3.
82-ე წუთზე ფელი პირესი „ორდაბასის“ საჯარიმოში ამჯერად მარცხნიდან შეიჭრა და ისევ იონსენი მოძებნა, რომლის დარტყმული მცველმა დაბლოკა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ყაზახების საჯარიმოში მარჯვნიდან ღუდუშაური შევიდა, ერთ მცველს გაექცა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მამუჩაშვილმა კუთხური ჩააწოდა და სიმიჩმა თავით გამარჯვების გოლი შეაგდო. „ტორპედო“ საპასუხო თამაშს 17 ივლისს ყაზახეთში ჩაატარებს.
„ტორპედო“ (ქუთაისი) – „ორდაბასი“ (ყაზახეთი) 4:3
10 ივლისი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
„ტორპედო“: გოშაძე, კვერკველია, სიმიჩი (სორი მანე, 90+6) , ნადარაია, ვარლეი, ითრაკი, ბიძინაშვილი (კოხრეიძე, 66), მამუჩაშვილი (კ), ბასილაძე (ღუდუშაური, 66), ფელიპე პირესი, იონსენი (ანდრიჩი, 84).
მთავარი მწვრთნელი: დირკ შუსტერი.
„ორდაბასი“: შაუზადა, ასტანოვი, ჟაკსუბაევი, მალიუ (კ), ტურსუნბაი, ანტიჩი (ჯიმოჰი, 85), ვაკულკო (ხალმატოვი, 80), კაპატინა, იმნაძე, ჟოაო პაულინიო (კანადჯიჯა, 62), ევერტონი (ნაუმეცი, 46).
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი მარტინი.
გოლები: 1:0 იონსენი (30), 1:1 კაპატინა (32), 1:2 იმნაძე (35), 2:2 სიმიჩი (45+2), 2:3 კაპატინა (69), 3:3 იონსენი (79), 4:3 სიმიჩი (90+4).
გაფრთხილება: ღუდუშაური (76), ითრაკი (90+1)
მთავარი მსაჯი: ანტონ ლაშჩუკი (ბელარუსი)
ლაშა თაბაგარი
