დრამით დათმობილი მეორე ადგილი

0
10

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა იტალიასთან საოცარი შეხვედრა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მე-12 წუთიდან კაცნაკლული დარჩა, პერიოდულად კი 13 და 12 კაცით მოუწია თამაში, სასურველი ბონუსით გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო და სამწუხაროდ, მხოლოდ ფრეს დასჯერდა…
თამაშიდან გამომდინარე, ისინი მაინც გამარჯვებულები არიან! მათი მიზანი მხოლოდ მოგება რომ ყოფილიყო, მას ასეთ რთულ სიტუაციაშიც კი აუცილებლად მიაღწევდნენ, მაგრამ არაფრად ჩააგდეს პრაქტიკულად გამოუვალი სიტუაცია და ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებისთვის ბოლომდე იბრძოლეს. მათ ფაქტობრივად დინების საწინააღმდეგოდ იცურეს, მაგრამ იღბალი ამ დღეს ჩვენს მხარეს არ იყო და იტალიამაც მე-6 გაწითლებულ დროზე კონტრშეტევისას გატანილი გარდასახული ლელოთი სასურველ ფრეს მიაღწია – 19:19.
არადა, საქართველო ბონუსით გამარჯვების შემთხვევაში იტალიასთან ერთად ირლანდიასაც უკან ჩამოიტოვებდა და გ ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებდა, რის შემდეგაც მე-5 ადგილისთვის გააგრძელებდა ბრძოლას. მხოლოდ მოგებით მესამე ადგილს კი ვიკავებდით, მაგრამ ის მხოლოდ მე-9 ადგილის ნახევარფინალში თამაშის უფლებას გვაძლევდა და რეალურად არაფერს ცვლიდა.
ეს იყო მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე, დასკვნითი შეხვედრა. კალვიზანოში, „სტადიო სან მიხელიზე“ საქართველო მასპინძელ იტალიასთან დომინირებდა. ბურთს მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდა, ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა და მეტოქის 22-შიც დიდი დრო გაატარა. რა თქმა უნდა იყო შეცდომებიც, თუმცა ლადო კილასონიას შეგირდებმა მაინც წლის საუკეთესო თამაში ჩაატარეს და ქებაც ალალად დაიმსახურეს.
თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო. ნერვიულობის ფონზე ორივე გუნდი უშვებდა შეცდომებს, მე-12 წუთზე კი მოხდა ის, რამაც მატჩის ბედზე დიდი გავლენა იქონია. მაშინ, როდესაც იტალიელი მორაგბე ლუკა კეშელავაზე ჰაერში თამაშისთვის დაჯარიმდა და ყვითელ ბარათსაც იმსახურებდა, ვიდეო-რეფერიმ დაახლოებით 10 წამის წინანდელი ეპიზოდი გადაამოწმა, სადაც უწყინარ სიტუაციაში გუნდის კაპიტანი ანდრო დვალი რაქში შევიდა და მისი მხარი ნაწილობრივ მოწინააღმდეგის თავს მოხვდა. მსაჯმა ჩათვალა, რომ ეს დარღვევა წითელ ბარათს იმსახურებდა, თანაც არა 20-წუთიანს და მთელი 70 წუთით მოედანზე კაცნაკლული დაგვტოვა…
იტალიამ რიცხობრივი უპირატესობით პირველსავე წუთზე ისარგებლა, ფრთაზე სივრცე გამოიყენა, ზანანდრეაზე სამი ბოჭვა გაცუდდა და მარჯვენა ალამთან გატანილი ლელოთი ანგარიში გაიხსნა. მოედანზე ტაქტიკური ბრძოლა გაჩაღდა. მასპინძლები ხშირად თამაშობდნენ ფეხით, თუმცა ზურგს ლუკა თაყაიშვილი საიმედოდ ამაგრებდა და ფეხით იტალიელებს თავის ნახევარზე აბრუნებდა, ან სახიფათო კონტრშეტევებს იწყებდა.
ნელ-ნელა საქართველოს უპირატესობა გამოიკვეთა და 30-ე წუთზე საპასუხო ლელოს გატანის შანსი გაჩნდა. გიგი სირბილაძემ მარჯვენა ფრთაზე სივრცე შენიშნა და ბურთი ფეხით გადაკიდა, მაგრამ ტარიელ ბურთიკაშვილმა მისი შემაგრება ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა მეტოქის ნახევარზე დავრჩით, ჯარიმა ორჯერ კარში არ დავარტყით, დერეფნიდან მოლით შევუტიეთ და მიხეილ ხახუბიამ ლელოთი ანგარიში გაათანაბრა. თამაში რომ განახლდა ჩვენს 22-ში ბურთი დავკარგეთ, იტალიამ შერკინებიდან შემოგვიტია და ტაიმის ბოლოს გარდასახული ლელოთი დაწინაურდა – 5:12.
ეორე ტაიმის დასაწყისში იტალიელები მოლის ჩაქცევისთვის სინბინით დაისაჯნენ და მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა გათანაბრდა. ორჯერ ჯარიმის ნაცვლად მეტოქის 5-მეტრიანთან შერკინება ავირჩიეთ, მეორე ჯერზე სამი ფაზის შემდეგ გიორგი სპანდერაშვილმა რაქიდან თავად შეუტია და ლელო გაიტანა, თაყაიშვილმა კი გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. ამას მოყვა ორი ეპიზოდი, როდესაც კარში დასარტყამი ჯარიმა აუტში გადავიტანეთ და მოლით შევუტიეთ, მაგრამ ორივეჯერ ბურთი დავკარგეთ.
ტაიმის შუაში იტალია გააქტიურდა და ჩვენს 22-ში მათი მრავალფაზიანი შეტევა მოვიგერიეთ, მაგრამ მერე დავჯარიმდით. მასპინძლებმა შერკინება ირჩიეს, ზედიზედ სამი ჯარიმის გამო მათე ღურწკაიამ ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანზე 13 კაცით დავრჩით, თუმცა ეს შეტევა მაინც მოვიგერიეთ. 65-ე წუთზე ფეხით თამაშისა და ნიკა აბესაძის ბოჭვის შემდეგ მეტოქეს საკუთარ 22-თან შეცდომა დავაშვებინეთ, თუმცა ჩვენს სასარგებლოდ დანიშნულმა შერკინებამ გვაზარალა. რადგან პირველხაზელი არ გვყავდა ცრუ შერკინება (მიწოლის გარეშე) დაინიშნა და იძულებული გავხდით დროებით ერთი მოთამაშე გაგვეწირა…
12-კაციანმა საქართველომ 15-კაციანი იტალიისგან თავი დაიცვა, მერე თავად შეუტია და 69-ე წუთზე სინბინით იტალიაც დაისაჯა. რადგან ბონუსის ასაღებად ორი გარდასახული ლელო გვჭირდებოდა, ჯარიმის კარში დარტყმაზე არც გვიფიქრია და მეტოქის 22-ში დიდი დრო გავატარეთ. ამან შედეგი 79-ე წუთზე გამოიღო, 8 ფაზის შემდეგ ბურთი მიხეილ შიოშვილზე გავიდა, ის სამ მბოჭავს გასცდა და ძალისმიერი, ლამაზი ინდივიდუალური ლელო გაიტანა, ხოლო თაყაიშვილმა გარდასახა.
ბონუსის ასაღებად ბოლო შეტევა გვრჩებოდა და სიტუაციაც უაღრესად დაიძაბა. ჩვენი ნახევრიდან ხელდახელ დაწყებული შეტევისას მოედნის ცენტრში ბურთი რაქიდან გამოგვივარდა და იტალიამ კონტრშეტევაზე ლელო გაიტანა. საქმეში ვიდეო-რეფერი ჩაერთო, რაქიდან ბურთის გამოვარდნის ეპოზიდში იტალიელთა მხრიდან წესების დარღვევა დააფიქსირა და ლელო გააუქმა, ჩვენ კი ბურთი ჯარიმით დაგვიბრუნდა. საქართველომაც მეოთხე ლელოსთვის გააფთრებით შეუტია და 14 ფაზით მეტოქის 5-მეტრიანს უწია, მაგრამ იქ ბურთი ისევ დავკარგეთ, მასპინძლებმა კონტრშეტევა ძელებსშუა გატანილი ლელოთი დაასრულეს და გარდასახვით მარცხს თავი დააღწიეს – 19:19.
შედეგად, საქართველო 14 ივლისს (17:30 საქ. დრო) მე-9 ადგილის ნახევარფინალში ითამაშებს და ვერონაში მისი მეტოქე ესპანეთი იქნება, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ძალიან კარგი შეხვედრები ჩაატარა. მე-9 ადგილის მეორე ნახევარფინალში ირლანდია შოტლანდიას ეთამაშება.
თასის ნახევარფინალში საფრანგეთი ახალ ზელანდიას, ხოლო სამხრეთ აფრიკა არგენტინას შეერკინება. მე-5 ადგილისთვის ინგლისი-უელსისა და იტალია-ავსტრალიას წყვილები ითამაშებენ.
2025 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
G ჯგუფი. მესამე ტური. 9 ივლისი
კალვიზანო (იტალია). „სტადიო სან მიხელი“
საქართველო – იტალია 19:19 (5:12)
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი (ხვამლი), 14. ლუკა კეშელავა (არმია), 13. სანდრო მესხიძე (არმია), 12. ნუგზარ ქევხიშვილი (ლელო), 11. ტარიელ ბურთიკაშვილი (ვეფხვები), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი);
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი (აია), 2. მიხეილ ხახუბია (ლელო), 3. მათე ღურწკაია (კასტრი), 4. თემურ წულუკიძე (ოიონა), 5. გაგი მარგველაშვილი (რასინგი), 6. გიორგი არძენაძე (ბათუმი), 7. ანდრო დვალი (პერპინიანი, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი).
მარქაფა: 16. შოთა ხელაძე (ლელო), 17. გიორგი ტურაშვილი (იფსვიჩი), 18. გიორგი მესხიძე (პერპინიანი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), 20. დავით ბარამია (ტულონი); 21. თემურ ძოძუაშვილი (აია), 22. დათა ახვლედიანი (ლელო), 23. ნიკა აბესაძე (ლელო).
3 ლელო: ხახუბია, სპანდერაშვილი, შიოშვილი
2 გარდასახვა: თაყაიშვილი
1 სინბინი: ღურწკაია
1 წითელი: დვალი
rugby.ge