საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ ფარერებთან 1:0 მოგებულ ამხნაგურ მატჩში ჩვენი ფეხბურთელების თამაშის ხარისხი გასაოცარი არ იყო, მაგრამ ფრანგი სპეციალისტი მათი თამაშისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილი დარჩა.
ვილი სანიოლი: “პირველი ნახევრით კმაყოფილი ვარ, თითქმის ყველაფერი შეასრულეს ფეხბურთელებმა, რაც დავავალეთ, გულდასაწყვეტია, რომ მეტი გოლი ვერ გავიტანეთ. მეორე ტაიმით უკმაყოფილო ვარ, ვინაიდან მონდომების ნაკლებობა იგრძნობოდა. ფეხბურთელებს ემოციებმა სძლიეს, ასეთ დროს კი, ძალიან რთულია კარგად თამაში. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ფეხბურთელების შემადგენლობით არასდროს გვითამაშია, თუმცა ამის მიუხედავად მეორე ტაიმში უკეთესი თამაში შეიძლებოდა. სასიამოვნოა, რომ გიორგი ლორიამ დადებით ნოტაზე დაასრულა სანაკრებო კარიერა და ძალიან კარგი თამაში ჩაატარა.
სექტემბრის მატჩებში ვინ რა პოზიციაზე ითამაშებს, ახლა ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან შესაძლოა იყოს ტრავმები ან ფეხბურთელების ცუდი ფორმა. წინასწარ საუბარი რთულია. ლოჩოშვილმა სომხეთთან ძალიან კარგად ითამაშა დაცვის ცენტრში, მაგრამ ვიცით, რომ მარცხენა მცველადაც თამაში შეუძლია, შეიძლება ისე კარგად არა, როგორც ცენტრში, მაგრამ შეუძლია და ამიტომაც გამოვიყენეთ დღეს მარცხნივ. რაც შეეხება ლობჟანიძეს, მჯერა, რომ მარცხენა ფლანგზე მას უკეთ თამაშობს, ვიდრე მარჯვნივ. მიხარია, რომ კარგად ითამაშა, ჩემი აზრით, ის მოედანზე საუკეთესო იყო, ეს მისთვის მოტივაცია იქნება, რადგან ბოლო წლებში შედარებით ნაკლებად უწევდა ნაკრებში თამაში.
ნიკა გაგნიძე ძალიან ინტენსიურ ფეხბურთს თამაშობს, ძალიან ბევრი სირბილი შეუძლია, ძლიერი ფიზიკური მომზადება აქვს. დადებითად ვარ განწყობილი. ისეთი მოთამაშეა, რომელიც მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება. მან თავი უნდა გამოიჩინოს, იბრძოლოს, კლუბშიც მოუმატოს, მაგრამ ძალიან სწორ გზას ადგას.
როგორც უკვე ვთქვი, ამ ფეხბურთელებმა ერთად პირველად ითამაშეს, ამიტომ, თამაშის ხარისხი გასაოცარი არ ყოფილა, მაგრამ საერთო ჯამში დამოკიდებულება თამაშისადმი კარგი იყო. ზოგიერთმა მათგანმა თავი კარგად წარმოაჩინა და სექტემბერში უნდა ელოდნენ გამოძახებას, ზოგიერთს შედარებით გაუჭირდა, მაგრამ სამ დღეში ახალი თამაშია და ისინი კიდევ ერთხელ მიიღებენ შანსს და ექნებათ შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი”.
