ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. ის საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტან კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველია, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. კალაძემ სამ ფინალში ითამაშა და თასი ორჯერ აღმართა. კვარაცხელია ასევე პირველი ქართველია, რომელმაც ერთ სეზონში ე,წ „ტრებლი“ მოიგო – საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და ჩემპიონთა ლიგა. მან ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. 24 წლის ხვიჩამ საფრანგეთის ლიგა 1-ში 14-ჯერ ითამაშა – 4 გოლი და 3 საგოლე პასი. ის გასული სეზონის პირველი წრეში „ნაპოლიში“ გამოდიოდა, რომლის მაისურით იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
პსჟ-მ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ ითამაშა და პირველად გაიმარჯვა. პარიზული კლუბი მეორე საფრანგეთში, რომელმაც ეს ტურნირი მოიგო. პირველი ლეგენდარული „მარსელი“ იყო, რომელმაც 1993 წელს ასევე მიუნხენში ჩატარებულ ფინალში „ინტერის“ თანაქალაქელ „მილანს“ სძლია.
„ალიანს არენაზე“ გამართულ შეხვედრაში პსჟ-მ „ინტერს“ ტაქტიკურად, ტექნიკურად და ფიზიკურად პირწმინდად აჯობა, მაგრამ ასეთი ანგარიშის დაფიქსირება ძნელად თუ ვინმე ივარაუდებდა. პსჟ-მ მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანა და პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასეთი ანგარიშით მოიგო.
მატჩის სტარტზე ხვარაცხელია იტალიელთა კარს საჯარიმოს გარედან დაემუქრა, მაგრამ ბურთი კარს გადაცდა. მე-12 წუთზე ხვიჩა დაწყებული კომბინაცია ვიტინიამ გააგრძელა და ჭკვიანური პასით „ინტერის“ საჯარიმოში დეზირე დუე მოძებნა, რომელმაც კარი წინ მდგომი აშრაფ ჰაკიმი მოძებნა, ხოლო მაროკოელმა ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-20 წუთზე კვარაცხელიამ თავისი ნახევრიდან გადაცემა უსმან დემბელეს გაუკეთა, რომელმაც მარცხენა ფლანგზე სისწრაფე აკრიბა და გადაცემა „ინტერის“ საჯარიმოში გახსნილ დუეს გაუკეთა, რომლის დარტყმის მერე ბურთი ფეხზე დიმარკოს შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა – 2:0.
ტაიმის მიწურულს კვარაცხელია ფინტით საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და მარცხენათი დაარტყა, ხოლო დუმფრისის ფეხიდან ბურთი კუთხურზე გადავიდა. სტანდარტულის შესრულების შემდეგ, კვარაცხელიამ თავით სახიფათოდ, მაგრამ არაზსუტად დაარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ხვიჩა ისევ მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და „ცაციათი“ კვლავ უზუსტოდ „გაისროლა“. ცოტა ხანში, „ინტერის“ მცველის ფეხიდან ბურთი საჯარიმოში „კვარას“ მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან კარს ააცილა.
63-ე წუთზე პსჟ-ს მორიგი კონტრიერიშის დროს, ვიტინიას გადაცემის შემდეგ, საჯარიმოში მყოფმა დუემ დუბლი მიითვალა -3:0. 19 წლის დუემ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
73-ე წუთზე დემბელემ პასი არ დაუგვიანა კვარაცხელიას, რომელიც მეკარესთან პირისპირ გავიდა და ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული გოლი გაიტანა – 4:0. 86-ე წუთზე „ინტერის“ კარი მაიულუმ აიღო და საბოლოო ანგარიში დაფიქსირა – 5:0.
ლუის ენრიკე კარიერაში „ტრებლი“ მეორედ მოიგო – პირველად ეს „ბარსელონასთან“ ერთად 2014-2015 წლების სეზონში მოახერხა. ის მეორე მწვრთნელია, რომელმაც „ტრებლი“ ორ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო – პირველი პეპ გვარდიოლაა, რომელმაც ასეთი შედეგი „ბარსელონაში“ და „მანჩესტერ სიტიში“ აჩვენა. ლუის ენრიკემ მწვრთნელის რანგში 16 ტიტული მოიპოვა, მათ შორის 7 პსჟ-სთან ერთად. მან სამწვრთნელო კარიერაში თორმეტივე ფინალი მოიგო, რომელშიც მონაწილეობდა.
„ინტერმა“ ბოლო სამ სეზონში ზედიზედ მეორე ფინალი წააგო, ხოლო არსებობის ისტორიაში მეოთხე.
ლაშა თაბაგარი
