საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა. ვილის სანიოლის გაწვრთნილამა გუნდმა პლეი-ოფის პირველ მატჩში ერევანში სომხეთი დაამარცხა. მანამდე, სანაკრებო დონეზე ოფიციალური მატჩი სომხებთან არ მოგვიგია – 2020 წელს ერთა ლიგის C ლიგაში სტუმრად ფრე ვითამაშეთ, ხოლო სახლში წავაგეთ. თუმცა, გასული საუკუნის 90-იან წლებში თბილისში ამხანაგურ შეხვედრაში 7:0 გავანადგურეთ.
ერევანში დაფიქსირებული ანგარიში ლოგიკურია, რადგან ჩვენი ფეხბურთელები სათამაშო კლასით სომხებზე აშკარად მაღლა დგანან, რაც მოედანზე დაამტკიცეს.
ფრანგმა სპეციალისტმა დისკვალიფიცირებული გურამ კაშიას და ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნაში, დაცვის ცენტრში საბა გოგლიჩიძე და ლუკა ლოჩოშვილი დააყენა, მარჯვენა მცველად ოთარ კაკაბაძე თამაშობდა, ხოლო მარცხენა – ნიკა აზაროვი. ნახევარდაცვის ცენტრში ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და ნიკა კვეკვესკირი მოქმედებდნენ. მარჯვენა გარემარბად ზურიკო დავითაშვილი ირჯებოდა, მარცხენა – გიორგი ჩაკვეტაძე. საქართველოს ნაკრები ერთი ფორვარდით გიორგი მიქაუტაძეთი უტევდა. კიტეიშვილმა კარიერაში ნახკრებს პირველად უკაპიტნა. გოგლიჩიძეს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა.
მატჩის მე-5 წუთზე ჩაკვეტაძემ სომხების ნახევარზე ბურთი ივუს აართვა და საჯარიმოში შესულს ნატურალიზებული ნიგერიელი ფეხებში ჩაუვარდა, რის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელი წაიქცა. ჩაკვეტაძემ პენალტი მოითხოვა, რის საფუძველიც ჰქონდა, მაგრამ რუმინელმა მსაჯმა რადუ პეტრესკუმ თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა.
25-ე წუთზე საქართველოს ნაკრების პრესინგმა მასპინძლების ნახევარზე შედეგი გამოიღო და ბურთი ჩაკვეტაძეს დარჩა, რომელიც საჯარიმოში ერთ მცველს გასცდა, ხოლო მისი დარტყმული მეკარემ ფეხით გაანეიტრალა.
27-ე წუთზე ჩვენი გუნდის ხანგრძლივი შეტევის დროს კაკაბაძემ სომხების საჯარიმოში კარგი პასი მისცა ქოჩორაშვილს. რომელმაც ახლო მანძილიდან, მაგრამ მახვილი კუთხიდან ააცილა.
33-ე წუთზე ქოჩორაშვილმა სომეხ მოთამაშეს ბურთი მისსავე მოედანზე აართვა და კიტეიშვილს გადააწოდა, რომელმაც კარგად დაუბრუნა ბურთი, ხოლო საჯარიმოში შესულმა „ლევანტეს“ ნახევარმცველმა ზუსტად დაარტყა – 0:1.
34-ე წუთზე სევიკიანმა საჯარიმოს გარედან ძალიან სახიფათოდ „გაისროლა“ და მამარდაშვილმა ნახტომში გოლის გაშვებას გადაგვარჩინა.
37-ე წუთზე მამარდაშვილის გადაცემის მერე, მიქუტაძე მოწინააღმდეგის საჯარიმოში შევიდა და მახვილი კუთხიდან ჩანჩარევიჩს ახლო კუთხეში გაუტანა – 0:2.
58-ე წუთზე მიქაუტაძემ თავისი ნახევრიდან დაიწყო კონტრშეტევა და პასი ჩაკვეტაძეს მისცა, რომელმაც საჯარიმოში შესვლის შემდეგ ბურთი დაუბრუნა თანაგუნდელს, რომელმაც დუბლი შეასრულა – 0:3. მიქაუტაძის ანგარიშზე ნაკრებში უკვე 18 გოლია. მან ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, თემურ ქეცბაიას გაასწრო და მხოლოდ შოთარ არველაძეს (26 გოლი) ჩამორჩება. მას 64-ე წუთზე ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა დაარტყა, თუმცა ჩანჩარევიჩმა ბურთი მოიგერია.
69-ე წუთზე ლოჩოშვილმა მეტოქესთან ორთაბრძოლის დროს ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად თამაშში ლაშა დვალი ჩაერთო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და სანიოლის შეგირდებმა B ლიგაში დარჩენა პრაქტიკულად გაინაღდეს.
საქართველოს ნაკრები სომხეთთან საპასუხო შეხვედრას 23 მარტს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჩაატარებს.
სომხეთი – საქართველო 0:3 (0:2)
20 მარტი. ერევანი. ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონი.
სომხეთი: ჩანჩარევიჩი, მურადიანი (ამბარცუმიანი 81), აროიანი, არუთინიანი, დაშიანი (უდო 46), მანველიანი (ბიჩახჩიანი 46), ივუ (გრიგორიანი 65), სევიკიანი, ტიკნიზიანი, მირანიანი (კალუკიანი 58), ბარსეგიანი.
მთავარი მწვრთნელი: ჯონ ვანტ სხიპი.
საქართველო: მამარდაშვილი; კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი (დვალი 70), აზაროვი (გოჩოლეიშვილი 75); კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 65), კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, მიქაუტაძე (ზივზივაძე 65), ჩაკვეტაძე (წიტაიშვილი 65).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლები: 0:1 ქოჩორაშვილი (33), 0:2 მიქაუტაძე (37), 0:3 მიქაუტაძე (59).
გაფრთხილება: კვეკვესკირი (18), კაკაბაძე (51), ამბარცუმიანი (90+3)
მთავარი მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)
ლაშა თაბაგარი
