გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში საფრანგეთის თასზე თავისი მეორე გოლი გაიტანა. თასის 1/16-ფინალში „ლიონი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი გამოდის სტუმრად მე-5 დივიზიონის „ბურგონს“ შეხვდა და სენსაციურად პენალტების სერიაში დამარცხდა.
მატჩის მე-20 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში მუჟეცკიმ გახსნა. 45-ე წუთზე „ლიონმა“ კუთხური ჩააწოდა და ნემანია მატიჩმა ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა – 1:1.
64-ე წუთზე შერკიმ კარგი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ მიქაუტაძეს, რომელმაც ერთი შეხებით შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:2. გოლი გატანიდან ერთ წუთში ქართველი ლეგიონერის ნაცვლად მოედანზე ლაკაზეტი შევიდა. 69-ე წუთზე „ლიონის“ მცველმა თავის ნახევარზე ძალიან ცუდი პასი გააკეთა და ბურთი მუჟეცკის ჩააბარა, რომელსაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილს ანგარიშის გათანაბრება არ გაჭირვებია.
„ბურგონმა“ თერთმეტმეტრიანები უკეთესად შეასრულა და 4:2 გაიმარჯვა. მასპინძლების მეკარე ჟაემ ორი პენალტი მოიგერია.
ცნობისთვის მიქაუტაძემ, რომელიც „ლიონში“ სადებიუტო სეზონს ატარებს ყველა ტურნირში 8 გოლი გაიტანა – ლიგა 1-ში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო, საფრანგეთის თასზე და ევროპა ლიგაში 2-2-ჯერ.
ლაშა თაბაგარი





