“ტორპედო” ვერცხლის მედლებს დაეუფლა, “დილა” – ბრინჯაოს, “დინამოს” ყველაზე ცუდი შედეგი

0
47

ქუთაისის “ტორპედომ” 70 ქულით 10-გუნდიანი კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მეორე ადგილზე დაასრილა. ბოლო 36-ე ტურში შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილმა რიონისპირელებმა “თელავს” უმასპინძლ;ეს და 1:0 დაამარცხეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი ცოტნე ფაცაციას გადაცემის შემდეგ ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა გაიტანა. იონსენი 22 გოლით განვლილი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო “ტორპედო” მომავალი წლის ზაფხულში უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. ქუთაისელთა თავდამსხმელი ფელიპე პირესი 10 საგოლე გადაცემით გასული სეზონის საუკეთესო მეპასე გახდა. კვიპროსელი ხარალამბუს ხრისტოდულუს თავკაცობით თელაველებმა მე-9 ადგილი დაიკავეს და პლეი-აუტში “რუსთავს” შეხვდებიან.
ვერცხლის მედლების დაუფლების შანსი გორის “დილასაც” ჰქონდა, მაგრამ დასკვნით ტურში შინ ფოთის “კოლხეთთან” დამარცხდა, რომელმაც სეზონის დასკვნითი ნაწილი ძალიან კარგად ჩაატარა. გორელებმა მე-13 წუთზე ანგარიში ოთარ ფარულავას პასის შემდეგ ნიდერლანდელმა ტაირელ ვოუტერმა გახსნა, ხოლო გიორგი ახალაძემ მე-60 წუთზე საპასუხო ბურთი გაიტანა. 68-ე წუთზე ფოთელებიდან თავი რუსმა ლეგიონერმა კირილ კლიმოვმა გამოიჩინა და ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა. მასპინძლებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან ბოლო წუთზე სენეგალელმა ლეგიონერმა იბრაჰიმა დრამემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც ავტომატურად წითელში გადაიზარდა. პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს გაწვრთნილმა “დილამ” 68 ქულით ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა და გაისად ზაფხულში უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. კახა ჩხეტიანის ხელმძღვანელობით “კოლხეთი” 41 ქულით მე-6 პოზიციაზე გავიდა.
თბილისის “დინამომ”, რომელსაც ავსტრიელი ფერდინანდ ფელდჰოფერი ავარჯიშებს, ბოლო ტურში შინ გიორგი ონიანის “გაგრასთან” 0:1 წააგო. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე ერთადერთი გოლი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა. “დინამომ” 39 ქულით სეზონი მე-7 ადგილზე დაასრულა, რაც კლუბისთვის ეროვნული ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია. “გაგრა” 38 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა და პლეი-აუტში ბოლნისის “სიონს” დაუპირისპირდება.
გიორგი ჭიაბრიშვილი დამოძღვრილი ბათუმის “დინამო” ბოლო ტურში სტუმრად ლიგიდან გავარდნილ “სამტრედიას” შეხვდა და 1:0 აჯობა. ბათუმელებიდან გამარჯვების გოლი 64-ე წუთზე რევაზ ინჯგიამ გაიტანა. ბათუმელები 55 ქულით სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულეს, ხოლო სამტრედიელები, რომელთაც ვლადიმერ კაკაშვილი ავარჯიშებს, მომავალ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებენ.
ლაშა თაბაგარი