გიორგი პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თავისი მე-4 გოლი გაიტანა. მე-16 ტურში „ზირე“, სადაც პაპუნაშვილი თანამემამულე დავით ვოლკოვთან ერთად გამოდის, სტუმრად „ქიაფაზს“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა.
ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-2 წუთზე „ზირეს“ ფეხბურთელის დარტყმული ბურთი „ქიაფაზის“ მეკარემ მოიგერია, ხოლო ახლო მანძილიდან პაპუნაშვილის დარტყმის შემდეგ სტუმრები ორი ბურთით დაწინაურდნენ. „ზირე“ 26 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზეა.
იტალიის სერია B-ს მე-16 ტურში „კრემონეზემ“ „რეჯანას“ უმასპინძლა და 0:2 წააგო. დამარცხებულებში საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 41-ე წუთზე გააფრთხილეს. „კრემონეზე“ 24 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





