სპაერმა საქართველოს თასი “დინამოს” არ დაანება

0
85

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მოასპარეზე თბილისის სპაერმა ისტორია დაწერა. ანზორ კიღურაძის გაწვრთნილი გუნდი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში გაიმარჯვა. სპაერი 2017 წელსაა დაარსებული და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში არასოდეს უთამაშია, ხოლო თასის ფინალში პირველად გავიდა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიასი სპაერი და “გაგრა” ორი ქვედალიგელია, რომელთაც საქართველოს თასი აღუმართავთ.
გარდა ამისა, სპაერი პირველი გუნდია, რომელიც თასის მოგების შემდეგ, ისევ რანგით მეორე ლიგაში დარჩება. 2011 წელს “გაგრამ” თასი ასევე ქვედალიგელის სტატუსით მოიგო, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ უმაღლეს ლიგაში აღზევდა.
“დინამომ” თასის ფინალში მეთექვსმეტედ ითამაშა და 13-ჯერ მოიგო, ხოლო სამჯერ დამარცხდა. ცნობისთვის, დინამოელებმა თასის ფინალში 2015-2016 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშა.
მატჩის საწყის წუთებში მეტოქის ნახევარზე მყოფმა საბა ხარებაშვილმა სპაერის საჯარიმოში ჩააწოდა და ბუხუტი ფუტკარაძეს  ხელებიდან გაუვარდა ბურთი, რომელიც გვატემალელი ოსკარ სანტისი დარტყმის შემდეგ ზედა ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში სპაერის მცველმა თავის საჯარიმოში ცუდი პასი გააკეთა და იმავე სანტისის დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა. მალევე, მოწინააღმდეგის საჯარიმოში შესული სანტისის დარტყმული ფუტკარაძემ გაანეიტრალა.
ტაიმის ბოლოს წუთზე „დინამოს“ საჯარიმოში თანაგუნდელს აძლევდა პასს, მაგრამ ბურთი გიორგი დ. ცეცხლაძეს ჩააბარა, რომელმაც ახლო მანძილიდან დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.
64-ე წუთზე ხარებაშვილმა, რომელიც მარცხენა ფლანგზე ძალიან აქტიური იყო, სპაერის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა ალექსანდრე კალანდაძემ მოიგო, ხოლო მათე ვაწაძემ კარიდან გამოსულ ფუტკარაძეს დაასწრო და თავით გაიტანა.
68-ე წუთზე ხარებაშვილმა შეტევაში მორიგი ჩართვის შემდეგ, სპაერის საჯარიმოში საბა ხვადაგიანი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი კარში გადაგზავნა. 76-ე წუთზე ნიკა ნინუამ შორი მანძილიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ფუტკარაძემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
88-ე წუთზე გიორგი დ.ცეცხლაძემ ტანის მოძრაობით „დინამოს“ საჯარიმოში მცველი ჩამოიცილა და პასი კარის წინ მდგომ საბა გეგიაძეს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 2:2. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა.
97-ე წუთზე გოლისა და საგოლე გადაცემის ავტორი გიორგი დ.ცეცხლაძე ტრავმის გამო შეცვალეს. დამატებითი პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ვაწაძემ თავით კარგად დაუგდო საჯარიმოში ბურთი თანაგუნდელს, რომლის დარტყმული გვერდით ძელს მოხვდა. ამ მომენტიდან დიდი დრო არ გასულა, რომ განელმა მცველმა ბენსონ ანანგმა საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, რომელიც პირდაპირ კარში წავიდა და ფუტკარაძემ საიმედოდ ითამაშა.
108 წუთზე შეცვლაზე შესული ავსტრიელი რაიტერი დაშავდა და მის მაგივრად თამაშში ვახტანგ სალია ჩაერთო. მეორე დამატებითი ტაიმის მიწურულს დაახლოებით 20 მეტრიდან საბა ხვადაგიანის ძლიერად დარტყმული ბურთი სპაერის მეკარემ უკუაგდო.
გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც სპაერმა უკეთესად შეასრულა. სპაერს საპატიო ჯილდო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ გადასცეს.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში სპაერი რანგით მეორე ლიგის პირველი გუნდია, რომელის ევროთასებზე ითამაშებს, მომავალი წლის ზაფხულში სპაერი უეფას კონფერენს ლიგაში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
სპაერი (თბილისი) – „დინამო“ (თბილისი) 2:2 (1:0) პენ.5:4
5 დეკემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
სპაერი:
ფუტკარაძე, ცალუღელაშვილი (გოლუბიანი, 77), გეგიაძე, მაისარაძე, გიორფი ა.ცეცხლაძე (ბასილაშვილი, 69), გიორგი დ.ცეცხლაძე, (ჩოთალიშვილი, 97) ბარაბაძე, სამხარაძე, კენჭაძე (კ), ჩაგუნავა, ბუნტური,
მთავარი მწვრთნელი: ანზორ კიღარუძე.
„დინამო“: მაქაცარია, ანანგი (ნიკო ცეცხლაძე, 108), კალანდაძე (კ), კვერკველია, ხვადაგიანი, ხარებაშვილი, ბერელიძე, (რაიტერი, 63, ) ნინუა (გიორგი ცეცხლაძე, 108), ოსიყმაშვილი, სანტისი (კერესელიძე, 85), ვაწაძე.
მთავარი ,წვრთნელი: ფერდინანდ ფელდჰოფერი.
გოლები: 1:0 გიორგი დ. ცეცხლაძე (45+1), 1:1 ვაწაძე (64), 1:2 ხვადაგიანი (68)
პენალტების სერია: 1:0 ჩაგუნავა, 1:0 ოსიყმაშვილი (ააცილა), 2:0 სამხარაძე, 2:1 სალია, 2:1 კენჭაძე (მეკარე), 2:2 ხარებაშვილლი, ბუნტური 3;2, ხვადაგიანი 3:3, გეგიაძე 4:3, ვაწაძე 4;4, ბარაბაძე 5;4, უგრეხელიძე 5:4 (მეკარე).
გაფრთხილება: ანანგი (77), ხარებაშვილი (90), სამხარაძე (103)
მთავარი მსაჯი: ალეკო აფციაური.
ლაშა თაბაგარი