გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერმა თავის ხანგრძლივ კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო. გერმანიის თასის 1/8-ფინალში „ბაიერნი“ თავის მოედანზე ლევერკუზენის „ბაიერთან“ 0:1 დამარცხდა. მატჩის მე-17 წუთზე ნოიერი თავისი საჯარიმოს გარეთ სტუმართა მცველ ჯერემი ფრიმპონგი ეუხეშა და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. მან კარიერაში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში 769 მატჩი ჩაატარა, ხოლო ნაკრებში 124-ჯერ ითამაშა. თამაშის შემდეგ ნოიერმა აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და თანაგუნდელებს მოუბოდიშა.
ლევერკუზენელებს მიუნხენელებთან ყველა ტურნირში ზედიზედ 5 შეხვედრა არ წაუგიათ – 3 გამარჯვება და 2 ფრე. ცნობისთვის, „ბაიერნი“ 2020 წლიდან მოყოლებული გერმანიის თასს ვერ იგებს. აქვე გეტყვით, რომ ბავარიელები თავისი ქვეყნის თასს 20-ჯერ ფლობდნენ, რაც რეკორდია.
ლაშა თაბაგარი





