საქართველოს ნაკრები B ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს

0
72

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა საუცხოიოდ დაიწყო და A ლიგაში გადასვლის რეალურ კანდიდატად მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო ოთხ მატჩში სიტუაცია ისე განვითარდა, რომ ვილის სანიოლის გაწვრთნილ გუნდს ბრძოლა B ლიგაში შესანარჩუნებლად მოუწევს.
ერთა ლიგის B ლიგის პირველი ჯგუფის ბოლო ტურში საქართველოს სტუმრად ჩეხეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ჩეხები 11 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ და A ლიგაში დაწინაურების გარდა, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის საგზურისთვისაც იბრძოლებს. მეორე ადგილზე უკრაინა გავიდა, რომელმაც ბოლო შეხვედრაში გასვლაზე ალბანეთს 2:1 აჯობა. საქართველოს ნაკრებს B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს. მომავალი წლის 20 და 23 მარტს გასამართ პლეი-აუტში ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეები C ლიგის ოთხი ჯგუფის მეორეადგილოსნები არიან – სლოვაკეთი, ბულგარეთი, კოსოვო და სომხეთი.  ეროვნული ნაკრები პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს. პირველ მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვილი სანიოლი კაპიტან გურამ კაშიას და ლიდერ ხვიჩა კვაარცხელიას მოისაკლისებს.
ჩვენი გუნდის დაცვის ცენტრში გურამ კაშია, გიორგი გველესიანი და ლაშა დვალი მოქმედებდნენ, მარჯვენა ფლანგი ოთარ კაკაბაძეს ებარა, ხოლო მარცხენა – ლუკა ლოჩოშვილს. ნახევარდაცვაში ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობდნენ. თავდასხმაში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე შეწყვილდნენ.
ოლომოუცში ჩატარებული მატჩის მე-4 წუთზე ჰლოჟეკმა შეტევის მარცხენა ფლანგზე სისწრაფეში აშკარად დაჩაგრა კაშია და საჯარიმოში პასი კლიმენტს მისცა, რომელმაც ქუსლით ბურთი შულც დაუტოვა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გახსნა – 1:0.
24-ე წუთზე ჰლ;ოჟეკმა დაახლოებით 18 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და დაბალი ტრაექტორიით გაგზავნილი ბურთი კარში აღმოჩნდა – 2:0. 30-ე წუთზე მამარდაშვილმა მესამე გოლის გაშვებას გადაგვარჩინა, რომელმაც ძალიან ახლო მანძილიდან იემელკას დარტყმული ბურთი მოიგერია. 36-ე წუთზე სანიოლმა შეტევის გაძლიერება გადაწყვიტა და გველესიანის ნაცვლად მოედანზე ზურიკო დავითაშვილი შევიდა. 43-ე წუთზე ჯარიმის შესრულების დროს ჩაკვეტაძემ პასი მეტოქის საჯარიმოში გააკეთა და ჩეხი მცველის მოგერიებული ბურთი კვარაცხელიამ მიიღო, რომლის დარტყმის მერე მასპინძლები გოლის გაშვებას გვერდითმა ძელმა „გადაარჩინა“.
მეორე ტაიმის დასაწყისში მიქაუტაძის პასის მერე, ჩეხების საჯარიმოში მყოფმა კვარაცხელიამ სახიფათოდ დაარტყა და მეკარემ თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. მე-60 წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა კაკაბაძემ საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით ლამაზი გოლი გაიტანა – 1:2. მან თავისი მე-16 ბურთი გაიტანა და ამჟამინდელი ფორმაციის ნაკრებში მხოლოდ კვარაცხელიას ჩამორჩება, რომლის ანგარიშზე 17 გოლია.
89-ე წუთზე ჩეხების საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ბუდუ ზივზივაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და ზურიკო დავითაშვილის დამატებული ჩეხმა მცველებმა გაანეიტრალეს. 91-ე წუთზე კვარაცხელია მასპინძლების საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და პასი ზივზივაძეს გაუკეთა, რომელმაც ქუსლით დაარტყა და მეკარემ ბურთი უკუაგდო, ხოლო ქოჩორაშვილს გოლის გატანის საშუალება მცველმა არ მისცა. საქართველოს ნაკრები 7 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზე გავიდა, ხოლო ამდენივე ქულით ბოლო პოზიცია ალბანეთმა დაიკავა.
ჩეხეთი – საქართველო 2:1 (2:0)
19 ნოემბერი.  ოლომოუცი. „ანდრუვ არენა“.

ჩეხეთი  კოვარი; ჰოლეში, იემელკა, ბორილი; ცოუფალი, ჩერვი, კრალი, ჩერნი (პროვოდი 57); შულცი (კუხტა 88), კლიმენტი (ხიტილი 57), ჰლოჟეკი (ლინგრი 75).
მთავარი მწვრთნელი: ივან ჰაშეკი.
საქართველო: მამარდაშვილი; გველესიანი (დავითაშვილი 36), კაშია, დვალი; კაკაბაძე (გოჩოლეიშვილი 79), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 60), ლოჩოშვილი; ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 61), კვარაცხელია; მიქაუტაძე (ლობჟანიძე 79).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლები: 1:0 შულცი (3), 2:0 ჰლოჟეკი (24), 2:1 მიქაუტაძე (60).
გაფრთხილება: დვალი (23), მიქაუტაძე (35), ლოჩოშვილი (62), ჰოლეში (67), კრალი (75), ხიტილი (90), ცოუფალი (90), კვარაცხელია (90), კაშია (90).
მთავარი მსაჯი: ანასტასიოს პაპაპეტრუ (საბერძნეთი)

1. ჩეხეთი 6 3 2 1 9 8 1 11
2. უკრაინა 6 2 2 2 8 8 0 8
3. საქართველო 6 2 1 3 7 6 1 7
4. ალბანეთი 6 2 1 3 4 6 -2 7

ლაშა თაბაგარი