21-წლანდელები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ – ბრავო სვანაძე!

0
67

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელტა ნაკრები ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. რამაზ სვანაძის გაწვრთნილმა გუნდმა ევრო 2025-ზე მოსახვედრი პლეი-ოფის პირველი მატჩი თბილისში 1:0 მოიგო, ხოლო ძალიან დრამატულ საპასუხო შეხვედრაში პენალტების სერიაში გაიამaრჯვა. ცნობისთვის, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩვენი ახალგაზრდული საკვალიფიკაციო ეტაპიდან ევროპირველობაზე პირველად მოხვდა, შარშან, სვანაძის შეგირდებმა ტურნირში მონაწილეობის უფლება შესარჩევის გარეშე როგორც მასპინძლებმა მიიღეს. 21-წლამდელების საუცხოო შედეგი სვანაძის უდიდესი დამსახურებაა, რომელმაც ევრო-2023-ის შემდეგ პრაქტიკულად ახალი გუნდი ჩამოაყალიბა და დასახულ მიზანსაც მიაღწია.
რიეკაში გამართული ნე-11 წუთზე ლუკა გაგნიძემ ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და ბელჩარმა ლუკა ხარატიშვილთან პირისპირ ბელიო გაიყვანა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0. მე-17 წუთზე საქართველოს ნაკრების მცველმა თავით ბურთი ცუდად მოიგერია, რასაც ხორვატების კონტრშეტევა მოჰყვა და საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ჰრგოვიჩის დარტყმული ხარატიშვილმა გაანეიტრალა.
23-ე წუთზე ჩრნაჩმა დაახლ,ოებით 25 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და ხარატიშვილმა ისევ დამაჯერებლად ითამაშა. 28-ე წუთზე ჩვენი გუნდის კონტრშეტევის დროს მეტოქის ნახევარზე ოთარ მამაგეიშვილმა გაუკეთა პასი ლუკა გაგნიძეს, რომელმაც ფინტით ერთი ხორვატი ჩამოიწილა და დაახლოებით 20 მეტრიდან მარცხენა ფეხით ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1.
31-ე წუთზე საბა მამაცაშვილი მოწინააღმდეგე ფეხბურთელის გადაცემის ჩაჭრას ცდილობდა და მისი ფეხიდან საჯარიმოში ბურთი ზვონარეკს მიუვიდა, რომლის სახიფათი დარტყმის შემდეგ გოლის გაშცებას გადავრჩით. 44-ე წუთზე არბიტრმა ხორვატების მთავარი მწვრთნელის ივიცა ოლიჩის თანაშემწე ე.წ. ტექნიკური ზონიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გააძევა. 56-ე წუთზე ჰრგოვიჩმა შეტევის მარცხენა ფრთაზე ორ მეტოქეს გაცდა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ჩრნაჩმა ხელსაყრელი პოზიციიდან თავით ვერ გაიტანა.
62-ე წუთზე საქართველოს ნაკრების საჯარიმოში შეჭრილი ივანოვიჩის დარტყმული ბურთი წაქცეულ ოთარ მამაგეიშვილს ხელში მოხვდა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ბელიომ გაიტანა – 2:1. 66-ე წუთზე ხორვატების მორიგი შეტევის დროს ნიკოლოზ უგრეხელიძემ ბურთი კარიდან „გამოიტანა“. 78-ე წუთზე, ჩვენმა გუნდმა ჯარიმა ძალიან ორიგინალურად გაითამაშა და ირაკლი აზაროვმა მასპინძლების სააჯრიმოში ნოდარ ლომინაძე მოძებნა, რომელმაც უზადოდ დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2. ცოტა ხანში, აზაროვმა ჩააწოდა საჯარიმოში მარცხნიდან და ვასილიოს გორდეზიანის თავურის მერე, მეკარემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. 82-ე წუთზე გიორგი კვერნაძე მარცხნიდან შეიჭრა ბალკანელების საჯარიმოში და მისი გადაცემის შემდეგ თანაგუნდელს ცოტა დააკლდა, რომ ბურთი კარში გადაეგზავნა. ამის შემდეგ ორჯე გადავრჩით – ჯერ ქართველმა მცველმა ბურთი ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა, ხოლო შემდეგ ხორვატმა ახლო მანძილიდან ააცილა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ლომინაძემ თავის საჯარიმოში სოლდოსთან ორთაბრძოლის დროს ბურთი ვერ მოიგერია და ხორვატმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა – 3:2. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა. თამაშის განახლებიდან ცოტა ხანში მასპინძლებს დაწინაურება შეეძლოთ, რომელთა მოთამაშის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. პირველ თხუთმეტწუთეულში მათ სახიფათი მომენტი კიდევ შექმეს, მაგრამ საჯარიმოს გარედან მასპინძელთა მოთამაშის დარტყმულიბურთი კარს მცირე მანძილით გადაცდა. ანალოგიური სახიფათო სიტუაცია ხორვატებმა მეორე თხუთმეტწუთეულშიც შექმნეს.
საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. თერთმეტმეტრიანები საქართველოს ნაკრებმა უკეთესად შეასრულა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გმირი ლუკა ხარატიშვილი აღმოჩნდა, რომელმაც 2 პენალტი მოიგერია.
ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთში ჩატარდება.
ხორვატია – საქართველო 3:2 (1:1) პენ: 6:7 
19 ნოემბერი. რიეკა. HNK სთედიუმი.
ხორვატია: კოლიჩი; ვალინჩიჩი, ვუშკოვიჩი, ბადელი, ჰრგოვიჩი; ზვონარეკი (სტოიკოვიჩი 46), სოლდო (ფრიგანი 85), ბელჩარი (ჰოჯა 46); ჩრნაჩი (ბიუკი 85), ბელიო (ვიდოვიჩი 96), ივანოვიჩი (სოტიჩეკი 85).
მთავარი მწვრთნელი: ივიცა ოლიჩი.
საქართველო: ხარატიშვილი; ხვადაგიანი, ლაცაბიძე, უგრეხელიძე, აზაროვი; გაგნიძე (გ. მამაგეიშვილი 70), ო. მამაგეიშვილი (მაისურაძე 87), ლომინაძე; ოდიშარია (გორდეზიანი 70, აბუაშვილი 120), კვერნაძე, მამაცაშვილი (სიგუა 57).
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გოლები: 1:0 ბელიო (11), 1:1 გაგნიძე (28), 2:1 ბელიო (63, პენ), 2:2 ლომინაძე (78), 3:2 სოტიჩეკი (90).
პენალტების სერია: 0:0 აზაროვი (მეკარე), 1:0 ვიდოვიჩი, 1:1 კვერნაძე, 2:1 ფრიგანი, 2:2 აბუაშვილი, 3:2 სტოიკოვიჩი, 3:3 ლომინაძე, 4:3 ვუშკოვიჩი, 4:4 გ. მამაგეიშვილი, 4:4 ჰოჯა (მეკარე), 4:5 ლაცაბიძე, 5:5 ბიუკი, 5:6 უგრეხელიძე, 6:6 სოტიჩეკი, 6:7 ხვადაგიანი, 6:7 ბადელი (მეკარე).
გაფრთხილება: ხვადაგიანი (21), მამაცაშვილი (27), სტოიკოვიჩი (47), სოლდო (81)
მთავარი მსაჯი: სიმონე სოცა (იტალია)
ლაშა თაბაგარი