ბერგამოს “ატალანტამ” არსებობის ისტორიაში ევროპა ლიგა პირველად მოიგო. ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში “ავივას” სტადიონზე გამართულ ფინალში ჯან პიერო გასპერინის გაწვრთნილმა გუნდმა 3:0 დაამარცხა ჩაბი ალონსოს ლევერკუზენის “ბაიერი”, რომელიც მატჩამდე ფავორიტად მიიჩნეოდა. ცნობისთვის, ლევერკუზენელებმა ზედიზედ 51 შეხვედრაში გამარჯვების მერე, პირველად წააგეს.
განვლილი ფინალი ნიგერიის ეროვნული ნაკრების ფორვარდის ადემოლა ლუკმენის ბენეფისი აღმოჩნდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. შეხვედრის მე-12 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ძაპაკოსტამ ზუსტი პასი გაუკეთა ლუკმენს, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. 26-ე წუთზე ნიგერიელმა ცრუ მოძრაობით გვერდი ჯაკას აუარა და “მოჭრილი” დარტყმით ბურთი შორეულ კუთხეში “ჩასვა”. 75-ე წუთზე ბერგამოელთა საჯარიმოშ შესული ლუკმენი ფინტით ერთი მეტოქეს გაცდა და “ცხრიანში” გაიტანა. 1998 წლის შემდეგ, როდესაც ევროპა ლიგის/უეფას თასის ფინალები ერთმატჩიანი გახდა, ლუკმენი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ფინალში თავის ანგარიშზე სამი გოლი ჩაიწერა.
1999 წლის შემდეგ, “ატალანტა” პირველი იტალიური გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ევროპა ლიგა/უეფას თასი მოიგო. მაშინ, წარმატებას “პარმამ” მიაღწია. 66 წლის და 117 დღის ასაკში გასპერინი ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელი გახდა, რომელმაც თავის სადებიუტო სეზონში ევროპა ლიგა მოიგო. ის მეორე იტალიელი მწვრთნელი არიგო საკის შემდეგ, რომელმაც ევროპა ლიგაში გაიმარჯვა. საკიმ 2019 წელს ეს ტურნირი ლონდონის “ჩელსის” მოაგებინა.
“ატალანტამა” არსებობის ისტორიაში მეორე ჯილდო მოიპოვა. მანამდე, ბერგამოელები 1963 წელს იტალიის თასს დაეუფლნენ.
განვლილი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი “მარსელის” გამონელი თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახდა, რომელმაც მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





