ვილი სანიოლი: “სწორი მიდგომით ჯგუფიდან გასვლის რესურსი გვაქვს “

0
41

ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრების ევრო 2024-ზე ჯგუფიდან გასვლის რესურსი აქვს. მან ამის შესახებ 28 მაისს ავსტრიაში შეკრებაზე გამგზავრებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც დაესწრო.
ვილი სანიოლი: “ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩვენთვის ოცნება იყო, ახლა კი, ვსაუბრობთ იმაზე, გავალთ ჯგუფიდან თუ არა. პირადად მე, მითამაშია, როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ტურნირია. არ მსურს ჩემი ფეხბურთელებისთვის რაიმე კონკრეტული მიზნის ან შედეგის დასახვა, ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა ზედმეტი წნეხის დამატება. დარწმუნებული ვარ, რომ შრომით, სწორი მიდგომით გვაქვს ჯგუფიდან გასვლის რესურსი. არ ვამბობ, რომ აუცილებლად გავალთ, მაგრამ რესურსი და პოტენციალი ნამდვილად არის.
აზაროვზე გადაწყვეტილება ჩემთვის ყველაზე რთულად მისაღები იყო, მაგრამ ვნახეთ, როგორ ითამაშა ლევან შენგელიამ ბოლო მატჩებში, ასევე, გიორგი წიტაიშვილმა, როცა მას შანსი მიეცა, ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ერთ პოზიციაზე სამი ფეხბურთელი არ გამომეძახებინა.
როდესაც მოთამაშე არ არის გამოძახებული მთავარ სიაში, ხშირად ვარჯიშიც არ სურს. თუმცა რა თქმა უნდა, თუ ვინმე გამოგვაკლდება, იქნება იმის შესაძლებლობა, რომ სხვა ფეხბურთელი დავიმატოთ, რადგან უეფაში საბოლოო განაცხადის გასაგზავნად დრო 7 ივნისამდე გვაქვს.
თქვენ ალბათ უკვე მიცნობთ და იცით, რომ ჩემი აზრით, ფეხბურთში მნიშვნელოვანია შრომა, დისციპლინა, პროფესიონალი მიდგომა და ამ მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ იმ განვითარებით, რასაც გუნდმა ჩემი აქ ყოფნის პერიოდში მიაღწია. ის 10-დღიანი შეკრება, რომელიც მარტში გვქონდა, ოპტიმალური იყო და ნამდვილად ყველანაირად კმაყოფილი ვიყავი. ისეთი დადებითი გარემო იყო გუნდში, როგორიც არასოდეს ყოფილა. მაგალითად, ოთარ კიტეიშვილი იმ ფეხბურთელის მაგალითია, რომელმაც თავის თამაშში ბევრი რამ შეცვალა, ბევრი რამ გამოასწორა, სულ სხვანაირი მიდგომა აჩვენა და სწორედ ამის დამსახურებაა ის წარმატება, რაც ავსტრიაში აქვს. თუმცა, ასეთი მაგალითი კიდევ ბევრი ფეხბურთელისგან გვაქვს.
იმიტომ გადავწყვიტე, რომ 26-ზე მეტი ფეხბურთელი არ გამომეძახებინა, რომ მე თვითონ ვყოფილვარ სიტუაციაში, როდესაც მწვრთნელს 28-30 ფეხბურთელი ჰყავდა გამოძახებული და შემდეგ უკვე მწვრთნელს დასჭირდა იმის ახსნა, თუ რატომ არ ხვდებიან ისინი საბოლოო სიაში, ამას კი, ზოგიერთის კარიერაზე უარყოფითი გავლენაც ჰქონია. ვიცი, რომ ყველა მწვრთნელს განსხვავებული მიდგომა აქვს ამასთან დაკავშირებით, ზოგი უფრო მეტ ფეხბურთელს იძახებს, მაგრამ გადავწყვიტე, რომ 26 ფეხბურთელი გამომეძახებინა და მათთან მემუშავა. რაც შეეეხება ლევან შენგელიას მდგომარეობას, უკვე ვარჯიშობს სრული დატვირთვით და დარწმუნებული ვარ, მზად იქნება.
უკე ევროპის ჩემპიონატზე სერიოზულ მიღწევაზე ვოცნებობთ, თუმცა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც მიყვარს აქ მუშაობა და ქართველი ხალხი. თქვენ მუდმივად წარმატებაზე ოცნებობთ, ეს თქვენი ოპტიმიზმი ჩვენთვის დიდ მოტივაციას წარმოადგენს, რადგან ოცნებების და მიზნების გარეშე ცხოვრებაში არაფერი მიიღწევა.
დიახ, ტურნირის განაცხადი 23-დან 26-მდე გაიზარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, არიან ფეხბურთელები, რომელთა არგამოძახება ჩემთვის რთული გადაწყვეტილება იყო. თუმცა ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახლა უნდა დავიწყოთ მუშაობა იმ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებიც გამოძახებული არიან. ადრეც ბევრჯერ მითქვამს, რომ რამდენი ფეხბურთელიც არ უნდა გამოიძახო, იქნება ვიღაც, ვისაც გული დასწყდება, ასევე მეც, მაგრამ როგორც აღვნიშნე, ამ მომენტისთვის ეს შემადგენლობა მიმაჩნია ოპტიმალურად.
სატრანსფერო ამბები ფეხბურთელებს ხელს ხომ არ შეუშლის? არავითარ შემთხვევაში, ამ ბიჭებმა ბევრჯერ დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ ეროვნული ნაკრების მაისურის ტარებას. ზოგადად, ჩემი აზრით, ეს საკითხი ყველა ნაკრებს ეხება. ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან, ცხადია, კარგი იქნებოდა, თუ თავიანთ პირად სიტუაციას ტურნირის დაწყებამდე მოაგვარებდნენ, მაგრამ ეს არამგონია პრობლემა იყოს, დარწმუნებული ვარ, მათ სრული კონცენტრაციით შეუძლიათ ჩვენი საერთო მიზნისთვის მუშაობა“.
ალექსანდრე იაშვილი: “საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადები. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს წარმატება. მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ის ერთიანობა, რომელიც პლეი-ოფში მიღწეული წარმატების საწინდარი იყო. სწორედ ამ შემართებით მივდივართ ევროპის ჩემპიონატზე.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ წასვლამდე ერთი ამხანაგური მატჩი თბილისში გვეთამაშა. სამწუხაროდ, გუნდი, რომელთანაც შეთანხმებული ვიყავით ამხანაგური მატჩის გამართვაზე, ვერ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და უარი თქვა თბილისში ჩამოსვლაზე. რაც შეეხება დარჩენილ გუნდებს, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ ჩავთვალეთ მათთან თამაში საჭიროდ.
გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში არ გვიწევს ამხანაგური მატჩის გამართვა და ბევრი ფეხბურთელი ჯერ კიდევ საკლუბო მატჩებს ატარებს, საქართველოს ნაკრების საწვრთნელი შეკრება ავსტრიაში, გერმანიასთან ახლოს გაიმართება. ვფიქრობ, ფეხბურთელებისთვის უფრო იოლი იქნება აკლიმატიზაციის გავლა. მინდა ვთქვა, რომ საგურამოშიც ძალიან კარგი პირობებია და კმაყოფილები ვიყავით, როგორც 21-წლამდე ნაკრების შეკრებით, ისე ეროვნულის მარტის სანაკრებო პაუზის დროს. თუმცა, ჩავთვალეთ, რომ უკეთესი იქნებოდა შეკრება ავსტრიაში ჩატარებულიყო. ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აკლიმატიზაცია ადვილად გავიაროთ, გერმანიასთან ახლოს ვიყოთ და კარგად მოვემზადოთ ევროპის ჩემპიონატისთვის.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელები კლუბებში წარმატებულად ასპარეზობენ. ეს ზრდის კონკურენციას ნაკრებში და ქმნის შესაძლებლობას, რომ უფრო წარმატებული იყო. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ბევრ ფეხბურთელს კიდევ უფრო მეტად დაეხმარა, მოგვეხსნა ის სიმძიმე, რასაც წლების განმავლობაში ვატარებდით. ევროპის ჩემპიონატზე ტურისტებად არ მივდივართ, გვაქვს ჩვენი ამბიციები და მიზნები. ევროპის ჩემპიონატზე ტურისტებად არ მივდივართ და დარწმუნებული ვარ, გვაქვს იმის პოტენციალი, რომ ამ მნიშნელოვან ტურნირზე ღირსეულად ვითამაშოთ
რაც შეეხება ლორიას, მას საბერძნეთთან წითელი ბარათი აჩვენეს და დისკვალიფიკაციის გამო თურქეთთნ მატჩს გამოტოვებს, მაგრამ მეორე შეხვედრაში დაგვემატება”.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.
ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატამდე 9 ივნისს, პოდგორიცაში, მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები გერმანიაში ქალაქ დიუსელდორფის მახლობლობლად დაბინავდება, სადაც ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში მოემზადება.
ლაშა თაბაგარი